Thumbnail

ნინუამ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - პაოკ-მა მისი გამოსასყიდი თანხა დააწესა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონში სამედიცინო შემოწმება გაიარა
  • პაოკ-მა ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი შეიტანა და ნიკა ნინუა 10 მილიონად შეაფასა

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-თან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათში გაკეთდება, თუმცა, ბერძნული ვებ-გვერდების ცნობით, შესაბამისი პროცედურა უკვე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის ნახევარმცველი სალონიკში გუშინ ჩავიდა და ელოდნენ, რომ მისი პრეზენტაციაც მაშინვე შედგებოდა, თუმცა, წარდგენამ დღეისთვის გადმოწია.

ნიკამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბის პრეს-სამსახურმა შესაბამისი ვიდეოც ჩაწერა, რომელიც ოფიციალურ განცხადებასთან ერთად გავრცელდება.

ნიკა პაოკ-ში 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

კონტრაქტის შესახებ საინტერესო დეტალს ავრცელებს sport-fm.gr. ირკვევა, რომ პაოკ-მა ქართველი ლეგიონერის გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევრო შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ნინუა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კი 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ნიკამ მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა.

ნინუას საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვლადიმირ ვაისი კი მას ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები