Thumbnail

ჯანო ანანიძე როტორში ჯერ ვერ ითამაშებს - რუსული მედია მიზეზზე წერს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი როტორს ჯერჯერობით ვერ ეხმარება
  • 27 წლის ნახევარმცველის უთამაშებლობის მიზეზი არაოპტიმალური ფორმაა

ჯანო ანანიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ როტორთან კონტრაქტი გააფორმა, სავარაუდოდ, ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს კიდევ გამოტოვებს და საბედნიეროდ, ამის მიზეზი ტრავმა ნამდვილად არ არის.

როტორმა, რომლის ღირსებას ჯანოს გარდა, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც იცავენ, პრემიერლიგის პირველ ტურში შინ ზენიტთან ითამაშა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.

ჯანოს საქართველოს ნაკრების 45 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი

რუსული მედიის ინფორმაციით, ჯანო დიდი ალბათობით როტორს ჩემპიონატის უახლოეს მატჩში მოსკოვის დინამოსთანაც ვერ დაეხმარება, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ ანანიძე კლუბთან კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის.

წინასწარი შეფასებით, ჯანოს საჭირო კონდიციების მისაღწევად დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ჯანო როტორს დაახლოებით ერთი კვირის წინ შეუერთდა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის სპარტაკში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რუსეთი ზამთარში დატოვა და კვიპროსულ ანორთოსისში გადავიდა. ჯანომ თემურ ქეცბაიას გუნდში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, ამ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით, ერთწლიანი კონტრაქტი როტორთან გააფორმა, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია (19,800 ევრო).

კომენტარები

ბოლო ამბები