Thumbnail
  • მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა
  • ქართულ რაგბიში სიტუაციის დალაგება ისევ ვერ ხერხდება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ გორგასლიძე აღნიშნულ პოსტზე სულ რაღაც ათიოდ დღის წინ დაამტკიცეს. ეს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა, რომელზეც ცნობად იქნა მიღებული რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

გორგასლიძეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობდა, ახალი ფუნქცია რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების (ყრილობა) ჩატარებამდე და რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა. როგორც სჩანს, გორგასლიძის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა ქართული კლუბების საგანგებო განცხადებამაც იქონია, სადაც ქართულ რაგბში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე იყო საუბარი. შექმნილ მდგომარეობაში ირიბად კავშირის დროებითი თავკაციც იყო დადანაშაულებული. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის უწინდელმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა ივლისის მიწურულს დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისი დასახელდა, რის გამოც ჯერ ეროვნული ჩემპიონატის – დიდი 10-ის განახლებაც კი ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომდევნო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის დეკემბერშიღა იგეგმება. პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმავე სვანიძის გარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები