Thumbnail

‘გუნდის გარეშე მესი არცისე კარგია’ - სეტიენის კომენტარები ბაიერნთან მატჩის წინ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე არცისე ბევრი ისაუბრა, მაგრამ რაც თქვა, უინტერესო ნამდვილად არ იყო.

ყველაზე საინტერესო მაინც ლიონელ მესის შესახებ კომენტარია: “მას შეუძლია, თამაშების მოგებაში დაგვეხმაროს, მაგრამ მე ყოველთვის მჯერა გუნდის ძალის. მესის მარტოს შეუძლია გოლების შექმნა, მაგრამ გუნდის ძალის გარეშე ლეოც კი ნაკლებად კარგია,” - განაცხადა ბარსას დამრიგებელმა.

მაგრამ იმისათვის, რომ არ გაენაწყენებინა თავისი გუნდის მთავარი სუპერვარსკვლავი, რომელმაც ახლო წარსულში მწვრთნელი მძაფრად გააკრიტიკა, 61 წლის სეტიენმა იქვე დაამატა: “რობერტ ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ არ არის მესის დონის. ეს ხომ ცხადია. თუმცა უნდა გვიხაროდეს, რომ მესიც არსებობს და ლევანდოვსკიც.”

'ბაიერნმა იცის, რომ თუ ჩვენ მათ წნეხს გავუძლებთ და ბურთს დავისაკუთრებთ, მათ დიდი საფრთხე დაემუქრებათ'

კატალონიური გრანდის მწვრთნელი ამბობს, რომ ბარსელონა ბაიერნთან მატჩისთვის მზადაა და გუნდი კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზეა. სეტიენის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ბარსა ბურთს განსაკუთრებით დიდხანს ფლობდეს. კითხვაზე, რომელი ტაქტიკით ითამაშებს ბარსელონა, 4-4-2-ით თუ 4-3-3-ით, სეტიენმა ასე უპასუხა: “დაელოდეთ მატჩს!” და იქვე დასძინა, რომ არც კონკრეტული სქემაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. “თუ ჩვენი გუნდის ფეხბურთელების ნიჭს და სისწრაფეს გავითვალისწინებთ, უკეთესი იქნება, თუ ბურთი ჩვენ გვექნება,” - ესეც თქვა. წადი და გაიგე, რას ფიქრობს ბურთის ფლობაზე რეალურად…

ბაიერნზე საუბრისას სეტიენმა აღნიშნა, რომ გერმანული გრანდი “არაჩვეულებრივად კარგი გუნდია”, მაგრამ იქვე დასძინა, ჩვენც ასეთები ვართო. მან კარგად იცის, რომ ეს მატჩი დიდი ალბათობით მის მომავალსაც წყვეტს და უმნიშვნელოვანეს მატჩს საბოლოო ჯამში ოპტიმისტურად უყურებს: “ჩვენ შეგვიძლია, წნეხს გავუძლოთ. ბაიერნმა იცის, რომ თუ ჩვენ მათ წნეხს გავუძლებთ და ბურთს დავისაკუთრებთ, მათ დიდი საფრთხე დაემუქრებათ. არა მგონია, რომ ამ მატჩში რომელიმე გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდეს. ნახევარფინალში გავა ის, ვინც თავის შანსებს უკეთ გამოიყენებს.”

როგორც ხედავთ, ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მაგრამ არც უინტერესო და მოსაწყენი პრესკონფერენცია გამოუვიდა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები