Thumbnail

16 აგვისტოს, ლას ვეგასში მერაბ დვალიშვილი UFC 252-ის ეგიდით, კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლას გამართავს, ის ჯონ დოდსონს შეხვდება, რომელიც მჩატე წონის რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა...

ლას ვეგასში UFC-ის მედია-დღე გაიმართა და დვალიშვილმა ამერიკული მედიიის კითხვებს უპასუხა: 

მერაბ დვალიშვილი: "რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს, რომ UFC-ში ქართველების რიცხვი გაიზარდა. ეს ჩემი ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, MMA მაინც ახალი ხილია იქ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართველებს კიდევ უფრო მეტი მებრძოლი გვეყოლება UFC-ში. ასეთი ამბები ძალიან მაბედნიერებს. ვამაყობ, რომ ლიანა ჯოჯუა, გიგა ჭიკაძე და რომან დოლიძე ჩემი თანამემამულეები არიან. არიან სხვებიც, რომელთაც არც ისე დიდი ხნის წინათ გააფორმეს კონტრაქტები UFC-თან. 

რაც შეეხება, ჩემს მომავალ მოწინააღმდეგე დოდსონს, ის ძალიან გამოცდილია. ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლო და ყველაფერი გავიღო გამარჯვებისთვის. რომც მოვკდე გალიაში, უნდა გავიმარჯვო. არ მსურს ყველაფერი მსაჯების გადასაწყვეტად დავტოვო.

თუ გავიმარჯვებ, მეტი შანსი მექნება შონ ო'მალის შევხვდე. რატომაც არა? ჩვენ რეიტინგში ახლო-ახლოს ვართ. მას არასდროს უჩხუბია ტოპ-15-ის მებრძოლებთან და ვფიქრობ, დროა. მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მთავარია დოდსონი დავამარცხო. ო'მალის კი წარმატებას ვუსურვებ, მარლონ ვერა არ არის ურიგო მებრძოლი". 

მერაბ დვალიშვილს UFC-ში პირველი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 ბრძოლა აქვს მოგებული. 14 ივნისს მან ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა. მჩატე წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-14 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები