Thumbnail

იოზილი არსენალისთვის დიდი პრობლემაა! წასვლას არ აპირებს, ხელფასს ინარჩუნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალს მესუთ იოზილის გაშვება სურს და მზადაა, ფულიც უხადოს
  • მიუხედავად ამისა, მესუთი კონტრაქტის ბოლომდე შესრულებას გეგმავს

სამიოდე დღის წინ ვწერდით, რომ არსენალი მზადაა, მესუთ იოზილს მაღალი ხელფასის გარკვეული ნაწილი იმ შემთხვევაშიც უხადოს, თუკი ეს უკანასკნელი სხვა გუნდში გადავა. ლონდონელებმა ასეთ კომპრომისზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ, რომ იოზილს სხვანაირად თავიდან ვერ მოიშორებდნენ. საქმე ისაა, რომ 31 წლის ნახევარმცველს სხვაგან გადასვლა არ სურს, რადგან ხვდება, რომ არსად მისცემენ ისეთ ხელფასს, როგორიც არსენალში აქვს.

მესუთმა ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა: “ჩემი პოზიცია ცხადია: კონტრაქტის ბოლო დღემდე აქ ვიქნები და მაქსიმუმს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მხოლოდ მე ვწყვეტ, როდის უნდა წავიდე და არა სხვები,” - განაცხადა იოზილმა The Athletic-თან ინტერვიუში.

'სახლში ბავშვი მყავს, მაქვს უამრავი ვალდებულებები ჩემი ოჯახის წინაშე თურქეთსა და გერმანიაში'

სეზონის რესტარტის შემდეგ არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იოზილს ძალიან იშვიათად ენდობოდა და ცხადი გახდა, რომ მისი თავიდან მოშორება სურდა. “იძულებით პაუზამდე და რესტარტის შემდეგაც საკმარისად კარგ ფორმაში ვიყავი იმისათვის, რომ ყველა მატჩში მიმეღო მონაწილეობა. მხოლოდ ერთხელ მქონდა ტრავმა და ისიც უმნიშვნელო,” - ამბობს მესუთი.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, იოზილის უთამაშებლობის მიზეზი ის იყო, რომ მესუთი არსენალის ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, ვინც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა. “არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. სახლში ბავშვი მყავს, მაქვს უამრავი ვალდებულებები ჩემი ოჯახის წინაშე თურქეთსა და გერმანიაში. ვინც მიცნობს, იცის, რომ კეთილშობილი ვარ. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მე არ მითქვამს ხელფასის შემცირებაზე უარი, მაგრამ მხოლოდ ჩემი ამბავი გავრცელდა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ უკვე ორი წელია, ვიღაცები ჩემს განადგურებას და გაუბედურებას ცდილობენ. ვიღაცებს სურთ, რომ ფანები დამიპირისპირდნენ და ჩემს შესახებ ისეთი სურათი შეიქმნას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.” 

გასულ სეზონში იოზილმა მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა - გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე პასი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები