Thumbnail

ბიატლონის მეფე დაგვემშვიდობა - ულე-ეინარ ბიორნდალენმა კარიერა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 44 წლის ნორვეგიელმა ბიატლონისტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
  • რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა.

ბიატლონის ნორვეგიელმა ლეგენდამ, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ულე-ეინარ ბიორნდალენმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 44 წლის სპორტსმენმა ამ ნაბიჯის შესახებ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა:

"შემეძლო მეთქვა, რომ ბიატლონისგან დაღლილი და გამოფიტული ვარ, მაგრამ ეს ასე არაა. ძველებურად მოტივირებული ვარ და სიამოვნებით ვიასპარეზებდი კიდევ რამდენიმე წელი, მაგრამ ამ ნაბიჯს ექიმებისა და ოჯახის წევრების რჩევით ვდგამ.

2008 წლიდან მოყოლებული, გულზე პრობლემები მაქვს. ქრონიკული არიტმია მაწუხებს. ბოლო სეზონში კი ის კიდევ უფრო სერიოზული და საგანგაშო გახდა. პრობლემები ვარჯიშის დროს მექმნებოდა. ამას გარდა, უკვე ათი წელია, მუდმივად მაწუხებს გულძმარვა. უწინ ამის შესახებ არავის ვუმხელდი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილს ვუმკლავდებოდი, პრობლემის გადაჭრა მაინც ვერ მოვახერხე".

ბიორნდალენის ყულაბაში 8 ოლიმპიური ოქროს მედალია

...პირველად 8 წლის ასაკში გაისროლა.

"იქამდე იარაღი ხელში არასდროს ამიღია. მახსოვს, ცოტა შევშინდი და თვალებიც კი დავხუჭე", - იხსენებდა სპორტში პირველ ნაბიჯებს ნორვეგიელი, რომელიც იმ დღიდან მოყოლებული, სროლისას მიზანს ყოველთვის კარგად ხედავდა. 

ულე-ეინარ ბიორნდალენმა მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამოსვლა 1992/1993 წლების სეზონიდან დაიწყო - 25 წლის წინ! ბიატლონისტს კარიერაში 13 ოლიმპიური ჯილდო აქვს მოპოვებული. მსოფლიოს ჩემპიონი კი 20-ჯერ გახდა. მის ანგარიშზე ასევე 6 გამარჯვებაა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში. 

ლეგენდარული სპორტსმენისთვის გასული სეზონი კარიერაში ყველაზე ცუდი იყო - დაბალი შედეგების გამო, ის ვერ მოხვდა ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებში, პიონჩანის თამაშებზე კი ბელორუსის ნაკრების მწვრთნელის რანგში ჩავიდა.

ბიორნდალენი ყველაზე ტიტულოვანი ბიატლონისტია ოლიმპიური თამაშებისა (8-4-1) და მსოფლიოს ჩემპიონატების (20-14-11) ისტორიაში.

ნორვეგიელს ეკუთვნის რეკორდები მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპებისა (95) და ზამთრის ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობის (8) მხრივ.

კომენტარები

ბოლო ამბები