Thumbnail
  • ანტონ საროკა საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა
  • ბატეს ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი

ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდისა და ბორისოვის ბატეს ფორვარდი ანტონ საროკა სამართალდამცველებმა დააკავეს და მას პატიმრობა ემუქრება. ამას გარდა, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, რომლებიც 14-17 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც ირკვევა, 28 წლის ფეხბურთელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში, რომელმაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იფეთქა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიით, დამაჯერებელი გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ იზეიმა, თუმცა, მოსახლეობა არჩევნებს ფალსიფიცირებულს უწოდებს და სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაციებს აწყობს.

არსებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 6 ათასამდე ადამიანი, საროკას გარდა კი, სპეცდანიშნულების რაზმებმა ჰოკეის კლუბ დინამოს წევრი ილია ლიტვინოვი და MMA-ს მებრძოლი ალექსეი კუდინიც აიყვანეს.

ცნობისთვის, საროკა 2018-19 წლების სეზონში ბელგიური ლოკერენის ღირსებას იცავდა, ბატეში კი გასული წლიდან ირიცხება და 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ბელარუსის ნაკრებში ის 2017 წლიდან თამაშობს და 15 თამაშში 7 გოლი უგროვდება. საროკამ ბოლოს ეროვნულ გუნდში გასული წლის მარტში ითამაშა, როდესაც ბელარუსმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰოლანდიაში 0:4 წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობს. ეს თამაში ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ რამდენჯერმე გადადო. ბოლო ინფორმაციით, მატჩი “დინამო არენაზე” 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დაესწრება თუ არა ამ თამაშს მაყურებელი, ჯერჯერობით, უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები