Thumbnail

ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩია: ბარსელონასა და ბაიერნის სახით ერთმანეთს ტიტულის მთავარი კანდიდატები ხვდებიან!

კატალინიური გრანდის და რეკორდმაისტერის პლეი ოფში შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ამ წყვილში გამარჯვებულს ტიტულის მოგების დიდი იმედიც უნდა ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს პლეი ოფში უპირისპირდებიან, გამარჯვებული ფინალსაც იგებს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე გამართული 4 საპლეიოფო დუელის შემდეგ.

ბავარიული გრანდი სეზონის დღემდე უმნიშვნელოვანეს მატჩს აშკარად უკეთეს ფორმაში ხვდება. ბაიერნს 2020 წელს თამაში არ წაუგია, სეზონის განახლების შემდეგ კი ყველა შეხვედრა მოიგო. იგივეს ვერ ვიტყვით ბარსაზე, რომელმაც ბოლოს სისუსტეები გამოავლინა და თამაშები ჩააგდო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიონელ მესის გუნდის დამარცხება ადვილია. ბოლო 13 თამაშში ეს მხოლოდ ოსასუნამ მოახერხა და ისიც ბოლოსწინა ტურში, როცა რეალის ჩემპიონობა გადაწყდა.

მესის ბაიერნთან 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს

თუმცა ბარსელონა მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ამას ყველა ხედავს. ნაპოლისთან წარუმატებლობის შემთხვევაში კიკე სეტიენს პოსტზე არავინ დატოვებდა, წესით იგივე უნდა მოხდეს ბაიერნთან გავარდნის შემთხვევაშიც. ფაქტია, რომ გუნდსა და მწვრთნელს შორის არცისე კარგი ურთიერთობაა. ფაქტია ისიც, რომ სეტიენისთვის ფეხბურთელები “თავს არ მოიკლავენ” - ბაიერნთან მათი მოტივაცია უფრო საკუთარი რეპუტაციაა, რომელსაც 2018 წელს რომასთან და 2019 წელს ლივერპულთან სამარცხვინო წაგებების შემდეგ აღდგენა სჭირდება.

მაგრამ არის კი ეს საკმარისი მოტივაცია და რესურსი ბაიერნის დასამარცხებლად? ესპანეთის ჩემპიონობის შანსის დაკარგვის შემდეგ მესიმ თქვა, სუსტები ვართო. მისი ნათქვამი ისე ჟღერდა, თითქოს მხოლოდ სპორტულ მხარეს არ გულისხმობდა...

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნი და ბარსელონა ევროტურნირზე ერთმანეთს მეთერთმეტედ ხვდებიან. წყვილში გამარჯვებულს ტურნირის მოგების იმედიც უნდა ჰქონდეს, რადგან აქამდე, ამ გუნდებს შორის პლეი ოფის ოთხივე დუელში გამარჯვებულმა ტიტულიც მოიგო.

⚽ ამრიგად, ბაიერნი და ბარსა პლეი ოფის დუელებში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - ორჯერ ბაიერნი გავიდა, ორჯერ ბარსა. ბოლო საპლეიოფო დუელი 2014-2015 წლების სეზონში შედგა და ნახევარფინალში ბარსელონამ მოიგო (3:0, 2:3).

⚽ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში ყველა, რვავე თამაში მოგებული აქვს. მას შემდეგ, რაც ტურნირზე მეორე ჯგუფური ეტაპი გაუქმდა (2003/04), ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონია.

⚽ ბაიერნი აშკარად უკეთეს ფორმაშია: მიუნხენელები 2020 წელს დაუმარცხებლები არიან და ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონის რესტარტის შემდეგ ყველა თამაში მოიგო. ბარსამ რესტარტის შემდეგ 3 ფრე ითამაშა და ოსასუნასთან წააგო.

⚽ ლიონელ მესის ბაიერნთან 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. ოღონდ, ყველა ეს შემთხვევა ნოუ კამპზე დაფიქსირდა, სხვა სტადიონზე კი ბაიერნთან არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

⚽ ბაიერნის გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაში 66 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა. მესამე ადგილზე მყოფ რაულს (71 გოლი) პოლონელი ბევრით აღარ ჩამორჩება.

⚽ თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგაში 113-ე მატჩს ჩაატარებს და გერმანელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდება, გადაასწრებს ფილიპ ლამს (112).

⚽ ამ სეზონში ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში უკვე 31 გოლის გატანა შეძლო, რითაც ბარსას 2011/2012 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი წაართვა.

⚽ თომას მიულერს ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას კარში 4 გოლი აქვს გატანილი, 1 კი სხვას გაატანინა.

⚽ ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაში საშუალოდ ყოველ 102 წუთში ერთხელ გააქვს გოლი, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზეა ბაიერნელი რობერტ ლევანდოვსკი (112 წთ), მესამეზე - კრიშტიანო რონალდო (113 წთ).

⚽ მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში მინიმუმ 3-3 გოლი გაიტანეს.

⚽ ამ ტურნირზე რეკორდმაისტერის ბოლო 9 თამაშიდან 8-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ნელსონ სემედუ, პიკე, ლენგლე, ხორდი ალბა - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, დე იონგი - მესი, სუარესი, გრიზმანი.
ტრავმა: დემბელე, უმტიტი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: პავარი

 

კომენტარები

ბოლო ამბები