Thumbnail
  • სტატისტიკა, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი ლიონელ მესის უსწრებს
  • ცხრილის ლიდერები ალეხანდრო გომესი და ხესუს კორონა არიან

ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კიდევ ერთი პირადი პრიზისთვის იბრძვის და ჯერჯერობით, მის წინ მყოფ ხუთ ფეხბურთელს ჩამორჩება, რომელთა შორის გრაცის შტურმის ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც იმყოფება. საუბარია ჯილდოზე სახელწოდებით Panna d'Or, რომელიც იმ ფეხბურთელს გადაეცემა, ვინც სეზონის განმავლობაში მეტოქეებს ბურთს ფეხებს შუა ყველაზე ხშირად გაუძვრენს.

ოთარ კიტეიშვილი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება

ამ დროისთვის ლიდერები ალეხანდრო გომესი (ატალანტა) და ხესუს კორონა (პორტუ) არიან, რომელთაც ხსენებული ქმედება 12-ჯერ აქვთ განხორციელებული, შემდეგ კი, კიტეიშვილი, მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი) და ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) მოდიან – 11. მესის ვულვზის წარმომადგენელ დიოგო იოტასთან ერთად, მოწინააღმდეგეები 10-ჯერ ჰყავს ასე 'გამწარებული' და პირველობის შანსი ჯერაც აქვს.

მესის კონკურენტების დაწევის ან გადასწრების შანსი 14 აგვისტოს ექნება, როდესაც მისი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნს ეთამაშება. პირველობის გარკვეულ შანსს ინარჩუნებს რაშფორდიც, რომლის მანჩესტერიც ევროპალიგის ნახევარფინალში სევილიას გაეჯიბრება.

უკვე დასრულებული აქვს სეზონი კიტეიშვილს, რომელმაც ავსტრიის გასულ ჩემპიონატში 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მისმა შტურმმა სლოვენიურ ბრავოსთან ამხანაგურ მატჩში 2:1 მოიგო და ანგარიში სწორედ ქართველმა ლეგიონერმა გახსნა. შტურმი სეზონს 28 აგვისტოს ავსტრიის თასზე ინსბრუკთან მატჩით (1/32 ფინალი) იწყებს, 15 აგვისტოს კი, მორიგ ამხანაგურ თამაშში ჩეხურ ოპავას შეხვდება.

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი ბრავოს კარში

კომენტარები

ბოლო ამბები