Thumbnail
  • 'არ ვფიქრობდი, რომ პროფესიონალი გავხდებოდი, უბრალოდ, ქუჩიდან მოცილება მინდოდა'
  • გოგა ბითაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველოდან სერბეთს მიაშურა

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA Europe-ს მცირე ინტერვიუ მისცა და იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მის პროფესიულ კარიერას მხოლოდ იწყებდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბითაძის პირველი უცხოური კლუბი მეგა ბემაქსი იყო, სადაც ის 2016 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დიდი წინსვლა განიცადა.

“კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე, თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პროფესიონალი გავხდებოდი. მაშინ უბრალოდ ქუჩიდან ჩამოცილება მინდოდა. ჩვენს ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა და ჩემს ოჯახს სურდა, რომ ჯანმრთელი ბავშვი ვყოფილიყავი. მოგვიანებით, სიტუაცია გაუმჯობესდა და შესაძლებლობა მომეცა ისეთ საკალათბურთო ქვეყანაში წავსულიყავი, როგორიც სერბეთია. 15 წლის ვიყავი, როდესაც იქ აღმოვჩნდი. მართალი გითხრათ, სერბეთში წასვლამდე NBA-ს მატჩებისთვის ხეირიანად არც მიყურებია, რადგანაც ჩვენთან თამაშებს ნაკლებად ანახებდნენ, თანაც დროებს შორის დიდი სხვაობის გამო, ყურება მიჭირდა. მას შემდეგ, რაც NBA-ს მატჩებისთვის თვალის დევნება დავიწყე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იქ სუპერგმირები თამაშობდნენ. ყველაფერს ვაკვირდებოდი. როგორ ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ... მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავე, რათა აქ მოვხვედრილიყავი. ბევრი პრობლემა გადავლახე და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე. ჩემი ოცნება ასრულდა”.

გოგა ბითაძე მეგა ბემაქსში თამაშისას

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ NBA-ს სეზონის რესტარტის შემდეგ მორიგი შეხვედრა დღეს დილით ჩაატარა და ჰიუსტონთან მოგებულ (108:104) მატჩში 16:42 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მიმდინარე სეზონში გოგას 52 თამაშში ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 3.2 ქულა, 1.9 მოხსნა, 0.7 დაფარება, 0.4 პასი. პეისერსი 44 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი, 15 აგვისტოს (00:00 თბილისის დროით) მაიამისთან ჩაატარებს და ამით, რეგულარულ სეზონს დაასრულებს.

📺 გოგა ბითაძე ჰიუსტონის წინააღმდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები