Thumbnail
  • იუვენტუსს რონალდოს დიდი ხელფასის გადახდის სურვილი აღარ აქვს
  • პორტუგალიელის აგენტს ახალი გუნდის მოძებნა დაევალა

იუვენტუსი კრიშტიანო რონალდოს გაყიდვას ცდილობს. ლიონელ მესის, პეპ გვარდიოლას და იმავე რონლდოს ავტობიოგრაფიული წიგნების ავტორმა და BBC-ის მიმომხილველმა გუილემ ბალაგემ განაცხადა, რომ ტურინელებს პორტუგალიელის მაღალი ხელფასის გადახდა მძიმე ტვირთად აწევთ და ამიტომ მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ახალი გუნდის მოძებნა დაავალეს.

ესპანელი ჟურნალისტის თქმით, იუვემ რონალდო ბარსელონასაც კი შესთავაზა!

„მიზეზი, რის გამოც კრიშტიანო რონალდო პსჟ-ს მიუახლოვდა არ არის ის, რომ პარიზელები ნამდვილად ფიქრობენ ამაზე, არამედ სხვა მიზეზია. ჟორჟე მენდეშს რონალდოსთვის ახალი გუნდის პოვნა დაევალა. მადრიდის რეალში თქვეს, შანსი არ არისო. იუვენტუსს სურს, თავისი სახელფასო ფონდი შეამციროს და კრიშტიანოს ყველას სთავაზობენ, მათ შორის ბარსელონასაც. იყო საუბარი MLS-ის შესახებაც. არ ვიცი, შეძლებენ თუ არა სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლებას, ვინ გადაიხდის ასეთ თანხას?“, - თქვა BBC-ის რადიოსთან ბალაგემ.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს უკანასკნელ პერიოდში პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ. ის იუვენტუსმა 2018 წელს შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. CR7-ის ხელფასი სეზონში 30 მილიონ ევროს შეადგენს.

35 წლის კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 89 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა, აქედან 37 გასულ სეზონში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები