Thumbnail

იანის ანტეტოკუნმპო NBA-ს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია და ფინანსური პრობლემები არ აწუხებს, თუმცა იყო დრო, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა და ყველანაირ ზედმეტ დანახარჯს ერიდებოდა. ეს ბერძენი კალათბურთელის ამერიკული კარიერის სტარტზე იყო, როდესაც იანისი მილუოკი ბაქსში ზაზა ფაჩულიას მხარდამხარ თამაშობდა. Sportscasting-მა სწორედ იმდროინდელი ეპიზოდები გაიხსენა და ქართველი ცენტრიც ახსენა. იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობდა მაშინდელი ანტეტოკუნმპო, 3 ისტორიის გახსენებაც საკმარისია.

ბრენდონ ნაიტს აქვს მოყოლილი, თუ როგორ ეზიდებოდა იანისი საჭმელს გუნდის სასადილოდან. “ცხადია, ჩვენთან ყველაფერი უფასო იყო და შეზღუდვაც არანაირი გახლდათ. ის სწორედ ამით სარგებლობდა. ყოველი სადილის შემდეგ, ექვს თუ შვიდ ყუთს ავსებდა და შინ მიჰქონდა. ყველაფერს აწყობდა, ნამცხვრებს, სასმელებს... რაც კი იმ დღეს მენიუში იყო. ისე გამოდიოდა, რომ სახლში საჭმლის ყიდვა არ სჭირდებოდა”.

ზაზა ფაჩულია და იანის ანტეტოკუნმპო მილუოკიში თამაშისას

ბერძენი ვარსკვლავის ხელმომჭირნეობის შესახებ თავისი მოგონება აქვს კერონ ბატლერსაც. როგორღაც ისე მოხდა, რომ მან ძველი სპორტული ფეხსაცმელი იანისის თვალწინ ნაგვის ყუთში გადააგდო, რამაც ბერძენი კალათბურთელის გაოცება გამოიწვია. “ის ჯერ კერონს მიუბრუნდა ყვირილით “რას აკეთებ?”, შემდეგ კი ურნას მივარდა და ფეხსაცმელი ამოიღო. “ამის გადაგდება როგორ შეიძლება? ჯერ კიდევ ახალივითაა”. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც იანისსა და მის ძმებს ჯერ კიდევ საზიარო ფეხსაცმელები ჰქონდათ, ამდენად, მისი ქმედება ძალიან გასაკვირიც არ ყოფილა.

და ეპიზოდი, რომელიც ზაზა ფაჩულიას უკავშირდება. ანტეტოკუნმპო პირველი ხელფასის მოლოდინში იყო და მისი იმდროინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მსუყე თანხა უნდა ჩარიცხვოდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ხელფასის ლამის ნახევარი გადასახადებში წავიდა. სწორედ მაშინ მიმართა იანისმა ფაჩულიას კითხვით – “არსებობს რამე შანსი, რომ ეს გადასახადები არ ვიხადო?”. ცხადია, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და მალევე ანტეტოკუნმპოს არავითარი მაქინაციები არ დასჭირვებია, რათა უზრუნველი ცხოვრების სტილზე გადასულიყო.

ახლა, ბერძენი ვარსკვლავის წლიური ხელფასი 25 მილიონზე მეტია, ფაჩულია კი ერთ-ერთი კალათბურთელია, რომელსაც ის ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს. ცნობილი ფაქტია, რომ მილუოკური კარიერის სტარტზე იანისს დახმარებას სწორედ ქართველი ცენტრი უწევდა და მისთვის არაერთი საჭირო რჩევა მიუცია. შეგახსენებთ, რომ ანტეტოკუნმპო ბაქსში 2013 წლიდან ირიცხება, ზაზა კი მილუოკის ღირსებას 2013-15 წლებში იცავდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები