Thumbnail

დიბალა ტრანსფერზეა! ტუტოსპორტი იუვენტუსის გეგმებზე წერს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • როგორც ჩანს, იუვენტუსი პაულო დიბალას გაყიდვას ისევ აპირებს
  • არგენტინელის კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელია დარჩენილი

იუვენტუსში პაულო დიბალას მომავალი ისევ ბუნდოვანია. არგენტინელმა თავდამსხმელმა 2019/20 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დაარწმუნოს.

ტუტოსპორტის პირველი გვერდი დღეს

ტურინული გაზეთის Tuttosport-ის დღევანდელი ნომრის პირველი გვერდი ხმაურიანია - სათაურით "დიბალა ბაზარზეა". როგორც გამოცემა წერს, იტალიური კლუბი სამხრეთამერიკელთან კონტრაქტის განახლების ვარიანტს ძველებურად განიხილავს, მაგრამ წინა პლანზე მაინც მისი გაყიდვაა იმ შემთხვევაში, თუ სასურველ წინადადებას მიიღებენ.

"ტუტოსპორტის" ცნობით, ტურინელები იმედოვნებენ, რომ დიბალას ტრანსფერიდან გამომუშავებული თანხით იუვეში მანჩესტერ იუნაიტედიდან პოლ პოგბას დააბრუნებენ. მეორე ვარიანტი კი მისი მადრიდის რეალში გასხვისებაა - ისკოს ან მარკო ასენსიოს გარიგებაში ჩართვის ფასად (ესპანელებმა ამ შემთხვევაში ფულიც უნდა დაამატონ).

აღსანიშნავია, რომ არცისე დიდი ხნის წინ, იტალიური მედია „სამეფო კლუბის“ მხრიდან დიბალას ინტერესის შესახებ წერდა, ხოლო „ბიანკონერის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს ესპანელი ნახევარმცველი ისკო ძალიან მოსწონს.

2015 წლიდან იუვენტუსში დიბალაზე მეტი გოლი არავის გაუტანია - 95

დიბალას გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ დაწყებული სპეკულაციების შემდეგ Gazzetta Dello Sport-მა გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, უნდა გაუშვას თუ არა იუვენტუსმა არგენტინელი. გამოკითხულთა 64.2%-ის აზრით, იუვემ პაულო არ უნდა გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ერთი წლის წინ ასევე ახლოს იყო იტალიური კლუბის დატოვებასთან, მაგრამ მაშინ მისი მონდომებით და სურვილით გუნდში დარჩენა მოახერხა, იმის მიუხედავად, რომ იუვეს ის პრაქტიკულად გასხვისებული ჰყავდა. დიბალას ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 2019/20 წლების სეზონში მან 46 თამაშში 17 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები