Thumbnail

'ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია' - ნეიმარის დიდი ჟესტი მატჩის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნეიმარმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი თანაგუნდელს დაუთმო
  • ბრაზილიელმა თამაშის შემდეგ ატალანტა შეაქო და მიზნებზე ისაუბრა

პარი სენ ჟერმენის თავდამსხმელმა ნეიმარმა ბერგამოს ატალანტასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი სიურპრიზი იყო, მაგრამ ერთი წამითაც არ უფიქრიათ, რომ მათ წინააღმდეგ დამარცხდებოდნენ.

„ატალანტამ“ გამაოცა, ეს გუნდი ტურნირის მთავარი სიურპრიზი იყო, ძალიან აგრესიულად თამაშობენ და ზოგადად კომპლიმენტებს იმსახურებენ. თუმცა არასდროს გვიფიქრია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენს გაგდებას მოახერხებდნენ, ერთი წამითაც კი არ გვიფიქრია ამაზე. არავის ამოუღია ჩემი გონებიდან იმაზე ფიქრი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. ამ მატჩმა უდიდესი გონებრივი ძალისხმევა მოითხოვა. ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ბევრად ადრე გაგვიჩნდა და არასდროს გამქრალა. ფინალამდე კიდევ ერთი თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ნეიმარმა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და სპეციალურად დაწესებული პრიზიც გადასცა, თუმცა ნეიმარმა მასზე უარი თქვა და ერიკ ჩუპო-მოტინგს დაუთმო. კამერუნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე ატალანტას კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1995 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მისი მეტოქე დღეს, ლაიპციგისა და მადრიდის ატლეტიკოს დაპირისპირებაში გაირკვევა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები