Thumbnail
  • უნიონის რიგებში ვარჯიში აკაკი გოგიამ განაახლა
  • ბოლოს მან ფეხბურთი 2019 წლის სექტემბერში ითამაშა

ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება. სხვებთან ერთად ემზადება ბერლინის უნიონიც, რომელიც პირველ ტურში აუგსბურგს მასპინძლობს. ბერლინურ კლუბში სასიამოვნო სიახლეა, მძიმე ტრავმა მოირჩინა და სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა აკაკი გოგიამ...

ქართული წარმოშობის 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ შემდეგ ტრავმამ ეს საკითხი დიდი ხნით გადაავადა. 

აკაკი გოგიამ აინტრახტთან მძიმე ტრავმა მიიღო

"ვინ არის ახალწვეული? მე აქ უკვე სამი წელიწადია, რაც ვარ, ყველას ვიცნობ და ყველაფერი ნაცნობია ჩემთვის", - ამბობს გოგია "ბერლინერ კურიერთან" კომენტარში. მართლაც, ის უნიონში 2017 წლიდან არის, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, ჯამში მხოლოდ 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი). 

2019/20 წლების ბუნდესლიგაში მან მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რადგან სექტემბერში აინტრახტთან თამაშში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფეხბურთს ძალიან დიდი ხნით ჩამოშორდა. 

"ის ძალზე მოწადინებულია და ახალ სეზონს დიდი იმედით ელის. მას აქვს შანსი კვლავ ითამაშოს ბუნდესლიგაში. გოგია ისეთ რამეებს აკეთებს, რასაც სხვები მისგან არ ელიან", - ამბობს მწვრთნელი ოლივერ რუნჰერტი. 

გოგიას ერთი სული აქვს, როდის ითამაშებს ბუნდესლიგაში, მით უფრო, რომ პირველ ტურში უნიონი მის ყოფილ გუნდს, აუგსბურგს ხვდება. მისი მშობლები ახლაც ამ ქალაქში ცხოვრობენ: "ვგრძნობ, რომ მზად ვარ დაბრუნებისთვის", - ამბობს გოგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები