Thumbnail

მას მერე, რაც ბელგიის ჟუპილერ ლიგის სეზონის სატრანსფერო რეკორდი დამყარდა - ჯონათან დევიდი €32 მილიონის სანაცვლოდ ფრანგულ ლილში გადავიდა - გენტი ლიდერის გარეშე დარჩა...

ვინ შეცვლის დევიდს კლუბში - ბელგიური VOETBAL24 სწორედ ამ საკითხს ჩაუღრმავდა. კლუბის თავმჯდომარე ივან დე ვიტმა განაცხადა, რომ გენტი ახალი ფეხბურთელის დასამატებლად ბაზარზე ეგრევე არ გავა. კლუბს ოქტომბრამდე აქვს საშუალება ვინმე შეიძინოს, იმ შემთხვევაში, თუ კანადელს ვერავინ შეცვლის სათანადოდ. 

გენტში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ: შესაძლოა, ვადის ოჯიჯას პოზიცია შეუცვალონ და წინ წაწიონ; გენტმა უკვე სცადა ამ პოზიციაზე რომან ბეზუსის გამოყენება, რომელიც ყოფილ გუნდ სენტ ტრუიდენთან სუსტად გამოიყურებოდა; არის კლუბში ნიჭიერი გერმანელი მოთამაშე ნიკლას დორშიც, თუმცა ბელგიის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში ყველაზე მეტად გიორგი ჩაკვეტაძის ეიმედებათ. 
 
VOETBAL24-მა გამოკითხვაც კი მიუძღვნა ამ თემას. "შეუძლია ჩაკვეტაძეს დევიდის შეცვლა"? გამოკითხვა ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა გენტის ფანების მოსაზრება დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი - 44% მიიჩნევს, რომ გიორგის ჯონათანის სრულფასოვანი შეცვლა შეუძლია, 56% - კი სკეპტიკურად არის განწყობილი. 

15 აგვისტოს გენტი კორტრაიკს მასპინძლობს. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე ჟუპილერ ლიგის მეორე ტურში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი და კანადელი შემტევები 20-20 წლის არიან (გიორგი აგვისტოს ბოლოს 21 წლის ხდება). ჩაკვეტაძე გენტში მე-4 სეზონს იწყებს: 2017/18 წლების სეზონში მან 10 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა; 2018/19 წლების სეზონი (მისი პირველი ნახევარი) მისთვის საუკეთესო იყო - 20 თამაში, 4 გოლი და 3 საგოლე პასი; 2019/20 წლების სეზონში ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგაში 9 მატჩი ითამაშა (2 ასისტი). 

ჯონათან დევიდმა გენტში პირველივე სეზონში (2018/19) 23 მატჩში 8 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, ბოლო კი ფანტასტიკური გამოუვიდა - 2019/20 წლების დაუსრულებელ სეზონში მან 27 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები