Thumbnail

მამუკაშვილი ინგლისში ჩავიდა და 2 კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მორაგბე ახალ კლუბს 24 აგვისტოსღა შეუერთდება
  • შალვა მამუკაშვილს პრემიერშიფში 2014/2015 წლებშიც უთამაშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი ინგლისის ქალაქ ლესტერში ჩავიდა და ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, მის ახალ გუნდს 24 აგვისტოს შეუერთდება.

29 წლის მორაგბემ ინგლისის პრემიერშიფის ბინადარ ლესთერ თაიგერსთან 2-წლიანი კონტრაქტი მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, სანამ პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერდებოდა. სწორედ COVID 19-ით გამოწვეული გართულებების გამო, მას ინგლისში ჩასვლა დაუგვიანდა და გუნდშიც აღნიშნულ დრომდე ვერ აღმოჩნდება. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, შალვამ კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრესამსახურთან გააკეთა.

“ლესტერში 10 აგვისტოს ჩამოვედი და წესების თანახმად, ორკვირიანი თვითიზოლაცია მომიწევს. ლესტერი პატარა, წყნარი ქალაქია და სახლიც ოჯახურ ატმოსფეროს სრულად მიესადაგება. დღეში ერთხელ უნივერსიტეტის მოედანზე გავალ, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა და ინდივიდუალურად მოვემზადები. ვირბენ გაწერილი პროგრამის მიხედვით. გარდა ამისა, სახლში მომიტანენ ინვენტარს და ეზოში ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობა მექნება. რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი ვარჯიში არაა, თუმცა მომავალი ორი კვირა ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება“.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში გამგზავრებამდე მამუკაშვილმა ბორჯღალოსნებთან ერთად ორთვიანი მომზადება გაიარა და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის კარგ ფორმაშია:

“საკმაოდ კარგი 9-კვირიანი მომზადება გვქონდა, რომელსაც ნაკრების დანარჩენი წევრები ახლაც განაგრძობენ. ვემზადებოდით 3-3 კვირიანი ციკლით, შუალედში ერთი კვირა დასვენებით და დატვირთვებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმატებდით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ნაკრების ყველა მორაგბე კარგ ფორმაშია, ისეთში, როგორშიც ამ პერიოდისთვის უნდა იყოს“.

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერშიფის 2019-2020 წლების სეზონი 14 აგვისტოს განახლდება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიფში 2014/2015 წლებში, სეილ შარქსის რიგებში ასპარეზობდა. მას ასევე უთამაშია PRO 14-ის გლაზგო უორიორსში, TOP 14-ის მონპელიესა და ტულონში და PRO D 2-ის კარკასონში.

კომენტარები

ბოლო ამბები