Thumbnail
  • 📅 13 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ლაიპციგი V ატლეტიკო | 📺 SILK უნივერსალი
  • ატლეტიკოს 2 ინფიცირებული ფეხბურთელი გამოაკლდა
  • ლაიპციგს ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გერმანული ლაიპციგისა და ესპანური ატლეტიკოს მატჩში გაირკვევა, რომელიც ლისაბონის ჟოზე ალვალადეზე შედგება. შეგახსენებთ, რომ გასულ ეტაპზე ორივე გუნდმა ინგლისური კლუბები დაჯაბნა. გერმანელებმა ტოტენჰემს საერთო ჯამში 4:0 მოუგეს, ესპანელებმა კი ლივერპული დაჩაგრეს – 4:2.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ატლეტიკოში არცთუ სახარბიელო ვითარება შეიქმნა, რაც ისევ და ისევ კორონავირუსთან არის დაკავშირებული. მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID 19 აქვთ ხორვატ შიმე ვრსალკოსა და არგენტინელ ანხელ კორეას. ცხადია, ეს ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს უკვე ჩამოშორებულნი არიან. კლუბის სხვა მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს დაავადება არ დაუფიქსირდათ და ისინი უკვე ლისაბონში იმყოფებიან. საინტერესოა, რომ აღნიშნულის გამო არ იყო გამორიცხული, ლაიპციგისა და ატლეტიკოს შეხვედრა გადადებულიყო, თუმცა, უეფამ ეს ნაბიჯი გამორიცხა:

“მატჩი შესაბამისი გრაფიკის მიხედვით ჩატარდება. ამის თაობაზე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება”.

მიუხედავად დანაკლისისა, ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მინდორზე მაინც შთამბეჭდავ შემადგენლობას გაიყვანს, შეტევის ხაზში კი, უპირველეს ყოვლისა, ჟოაო ფელიქსისა და დიეგო კოშტას იმედი უნდა ჰქონდეს. მომავალი თამაშის წინ, სიმეონე ფილოსოფიური მსჯელობის ხასიათზე იყო და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “თანამედროვე ფეხბურთში მატჩებს ის გუნდი არ იგებს, ვინც უკეთ თამაშობს, არამედ ის, ვინც ზუსტად იცის, მოედანზე რას აკეთებს”.

დიეგო სიმეონეს გუნდი ლისაბონში დანაკლისით ჩავიდა

თავისი კოზირები აქვს ლაიპციგსაც და ერთ-ერთი უმთავრესი არა რომელიმე ფეხბურთელია, არამედ – მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანია. ახალგაზრდა სპეციალისტი ჯერ მხოლოდ 33 წლისაა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. მან გასულ სეზონში უმთავრეს ევროტურნირზე ჰოფენჰაიმი ათამაშა, ახლა კი, ლაიპციგთან ერთად ყოჩაღობს. მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8-დან მხოლოდ 1 მატჩი წააგო და ამ ეტაპამდე სრულიად დამსახურებულად მოვიდა.

“ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელიც ლიგის საპლეოფო სტადიებზე პირველად თამაშობს და ცხადია, რომ ატლეტიკოს ამ მხრივ უპირატესობა აქვს. სხვა საქმეა, რომ ლაიპციგმა თავისი ხელწერა დაამკვიდრა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს და კარგი იქნება, თუკი ჩვენს გეგმას მომავალ მატჩშიც არ გადავუხვევთ”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის თანახმად, ატლეტიკოსა და ლაიპციგის დაპირისპირებაც ერთმატჩიანი იქნება და მაყურებლების გარეშე ჩაივლის. გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ, თუმცა, ამისთვის მხოლოდ 3 პაუზა უნდა გამოიყენონ. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში იტალიურ ატალანტასა და ფრანგულ პსჟ-ს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკოს მონაწილებით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა.

⚽ ლაიპციგს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან ხუთში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ატლეტიკოს მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 8 თამაშიდან 4-ში ზუსტად 1 გოლი გადიოდა.

⚽ ლაიპციგს ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელი 6 მატჩია არ წაუგია.

⚽ ატლეტიკოს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში გოლი პირველს გაჰქონდა.

⚽ ატლეტიკოსთან მატჩი ლაიპციგისთვის პირველი ოფიციალური თამაში იქნება, რომელსაც ესპანური კლუბების წინააღმდეგ ჩაატარებს.

⚽ ლაიპციგს მიმდინარე სეზონში ლისაბონში უკვე უთამაშია. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანელებმა ბენფიკას 2:1 მოუგეს.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში ლაიპციგს 7 მოგება აქვს (3 ფრე, 4 წაგება).

⚽ ევროთასების პლეი-ოფში ლაიპციგს შესაშური სტატისტიკა აქვს: 8 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

⚽ ლაიპციგს უეფას ტურნირების ეგიდით პენალტების სერიაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.

⚽ ატლეტიკოს ევროთასებზე ჩატარებულ ბოლო 30 შეხვედრაში მხოლოდ 5 მარცხი აქვს (19 მოგება, 6 ფრე).

⚽ ატლეტიკოს გერმანულ კლუბებთან ევროთასებზე ასეთი სტატისტიკა აქვს: 21 მოგება, 7 ფრე, 16 წაგება.

⚽ ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში უკანასკნელ 7 სეზონში მეხუთედ, სულ კი მეათედ ითამაშებს. გასული 9 შემთხვევიდან მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 6-ჯერ მოახერხეს.

⚽ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშა, ევროპალიგის ფინალში კი – 3-ჯერ.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-4-2-1): გულასჩი – ჰალსტენბერგი, უპამეკანო, კლოსტერმანი – ანხელინო, კამპლი, ლაიმერი, მუკიელე – ზაბიტცერი, ფორსბერგი – პოულსენი.
ტრავმა: კონატე, ჰალსტენბერგი, ჰვანგი.

ატლეტიკო (4-4-1-1): ობლაკი – არიასი, ხიმენესი, სავიჩი, ლოდი – ლორენტე, კოკე, საული, კარასკო – ფელიქსი – კოშტა.
ტრავმა: ვრსალკო, კორეა, ტომასი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები