Thumbnail

‘შოთა არველაძე რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი’ - ინტერვიუ ერენ დერდიოკთან

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი, ახლა შოთა არველაძის შეგირდია
  • ერენ დერდიოკი ფახთაქორის ლიდერი და გოლეადორია
  • სანდრო ცნობილაძის ექსკლუზიური ინტერვიუ 32 წლის ფორვარდთან

2009 წელს, ბუნდესლიგაში ახალგაზრდა შვეიცარიელი ცენტრფორვარდი ერენ დერდიოკი გამოჩნდა. ბაზელის აღზრდილმა თავდამსხმელმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ ბაიერ ლევერკუზენში თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. გერმანული პრესა ახალ სუპერფორვარდზე ალაპარაკდა, რომლისთვისაც ‘ფარმაცევტებში’ ასპარეზობა მხოლოდ კარიერის საწყისი ეტაპი უნდა ყოფილიყო. მერე იყო ჰოფენჰაიმი, რეგრესი და დღეს დერდიოკი შოთა არველაძის ერთ-ერთი შეგირდია. შვეიცარიელი არ უარყოფს, რომ უზბეკეთში მისი გადასვლის მთავარი მოტივაცია სწორედ არველაძის ფაქტორი იყო. ერენ დერდიოკს უზბეკეთში დავუკავშირდით.

POPSPORT: არველაძეს პირველად ქასიმფაშაში შეხვდი. რა განსხვავებაა იმ და დღევანდელ შოთას შორის?

ერენ დერდიოკი: თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ შოთას შესახებ მისი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ვიცოდი. ის, რომ შოთა აიაქსში და რეინჯერსში თამაშობდა და ამ კლუბების წამყვანი თავდამსხმელი იყო, ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებდა. მიმაჩნია, რომ თურქულ კლუბებში მან უდიდესი სამუშაო გასწია, რაც ზრდაში ძალიან დაეხმარა. შოთა ძალიან პოზიტიური ადამიანია. მას შეუძლია, მთელი გუნდი დადებითი ენერგიით დამუხტოს, ეს კი წარმატებებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა.

ერენ დერდიოკი ფახთაქორის საუკეთესო ბომბარდირია

POPSPORT: როგორი ფეხბურთის დანერგვა სურს შოთას თვის გუნდებში?

დერდიოკი: მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი შემტევ ფეხბურთზეა აგებული. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემნაირი თავდამსხმელისთვის იგი იდეალური მწვრთნელია. არველაძეს უყვარს, როდესაც გუნდი გაშლილ ფეხბურთს თამაშობს, როდესაც აქტიური მოქმედებები მიდის ფლანგებზე. მე საჯარიმო მოედნის ფორვარდი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბურთი ხშირად მომდიოდეს. ამისათვის მრავალი ხერხი არსებობს, ფლანგური ჩაწოდებები კი ერთ-ერთი ამ ხერხთაგანია. შოთა მაქსიმუმს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის და ასევე ცდილობს, მაქსიმუმი მიიღოს თავისი მოთამაშეებისგან. იგი ფეხბურთელებს პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. სამწუხაროდ, ქასიმფაშაში მასთან თამაშმა არ მომიწია. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც ჩავედი, ტრავმა მივიღე. მოედანს ექვსი თვის მერე დავუბრუნდი. ისე მოხდა, რომ როცა ,დავბრუნდი შოთა გუნდიდან წავიდა.

'შოთა არველაძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო და მიხარია, რომ მასთან მუშაობის მეორე შანსი მომეცა'

POPSPORT: რა როლი შეასრულა შოთა არველაძემ იმაში, რომ ახლა ფახთაქორში თამაშობ?

დერდიოკი: შოთა მთავარი ფიგურაა იმ პროექტში, რომელიც ფახთაქორში ხორციელდება. მასზე ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ ვიცი რა იქნებოდა, ფახთაქორში სხვა მთავარი მწვრთნელი რომ იყოს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: რომ არა არველაძე, დიდი ალბათობით, მე აქ არ ვიქნებოდი. შოთა არველაძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო და მიხარია, რომ მასთან მუშაობის მეორე შანსი მომეცა.

POPSPORT: თავის დროზე გერმანული პრესა ერენ დერდიოკს ისე მოიხსენიებდა, როგორც ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს. საკუთარი კარიერით კმაყოფილი ხარ?

ერენ დერდიოკი ლევერკუზენში თამაშისას

დერდიოკი: კარიერის დასაწყისი მართლაც ძალიან კარგი მქონდა. შვეიცარიული ბაზელის ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდში გადასასვლელად სულ რაღაც ექვსი თვე დამჭირდა. მერე იყო ბაიერ ლევერკუზენი. ბუნდესლიგაში გადასულს გამიმართლა. ნამდვილად არ მოველოდი, რომ პირველსავე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მათამაშებდნენ. ლევერკუზენში ისეთი ძლიერი ფორვარდის პარტნიორი ვიყავი, როგორიც შტეფან კისლინგი იყო. ბაიერში გატარებული სამი სეზონის შემდეგ ჩავთვალე, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. იმ პერიოდში ჰოფენჰაიმში ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდებოდა და ამ კლუბში გადასვლას დავთანხმდი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეცდომა იყო. ჰოფენჰაიმში არ დამხვდა ის სიტუაცია, რომელსაც ველოდი. ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდი. ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. კატასტროფულად იკლო ჩემმა შედეგიანობამ და ამიტომ ისევ ლევერკუზენში დავბრუნდი. მერე, ზამთარში ქასიმფაშას მხრიდან დაინტერესების შესახებ გავიგე. თურქულ კლუბთან პირველი კონტაქტი სწორედ მაშინ შედგა, თუმცა გადაწყდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დავლოდებოდით. ქასიმფაშას შემდეგ იყო გალათასარაი, რომელიც ევროპული მასშტაბითაც დიდი კლუბია. გალას შემადგენლობაში ორჯერ თურქეთის ჩემპიონი გავხდი. 

ჩემი კარიერის მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი, რომ სწორი ნაბიჯები გადამედგა, სწორად შემერჩია კლუბი, რომელშიც მივდიოდი. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ბევრი შეცდომა არ დამიშვია, მაგრამ ჰოფენჰაიმში გადასვლა ნამდვილად არ აღმოჩნდა ის, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა.

POPSPORT: 32 წლის დერდიოკისთვის რა არის ამ ეტაპზე მთავარი და რა მიზნები დარჩა შესასრულებელი?

დერდიოკი: ახლა უკვე მთლიანად კლუბზე ვარ კონცენტრირებული. ნაკრებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ მითამაშია. ფახთაქორის მიზანი უზბეკეთის ჩემპიონობა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშია. საკმაოდ დიდია ქომაგების მხრიდან მოთხოვნაც. ამ კუთხით სიტუაცია გალათასარაიში ყოფნის პერიოდს შემიძლია შევადარო. ვცდილობთ, ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს შოთას მიზანიცაა. მისი შეხედულებები არ შეცვლილა. იგივე სტილის ფეხბურთის დანერგვას ცდილობდა ქასიმფაშაშიც. მჯერა, რომ შევძლებთ დასახული ამოცანების შესრულებას.

საკლუბო დონეზე ერენ დერდიოკი შვეიცარიის და თურქეთის ჩემპიონატების გამარჯვებულია. ეროვნულ გუნდში მას დებიუტი 2008 წელს, ‘უემბლის’ სტადიონზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა, რომელიც შვეიცარიელებმა 1:2 წააგეს. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შესულმა დერდიოკმა გაიტანა. მას შვეიცარიის ეროვნულ გუნდში ჯამში 60 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 25 გოლია. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში დერდიოკი შვეიცარიის 19 და 21 წლამდელთა ნაკრები გუნდების ღირსებასაც იცავდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები