Thumbnail

‘დამიჯერეთ, ის ჩემზე მაგარია’ - ჰაალანდი 15 წლის ვუნდერკინდით აღფრთოვანებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინგ ჰაალანდი უდიდესი ტალანტი და ამომავალი ვარსკვლავია
  • ნორვეგიელი ამბობს, რომ დორტმუნდზე მასზე უფრო ნიჭიერიც ჰყავს

ერლინგ ჰაალანდმა თავისი ახალი და გაცილებით ახალგაზრდა თანაგუნდელი მხოლოდ 2 კვირის წინ გაიცნო. იუსუფა მუკოკოს ვგულისხმობთ, რომელსაც გერმანიაში ყველა ‘ვუნდერკინდის’ მეტსახელით იცნობს. მის შესახებ პოპსპორტი ზუსტად ერთი წლის წინ წერდა. მუკოკო ახლა 15 წლისაა და უკვე დორტმუნდის ბორუსიას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ნოემბერში იგი 16 წლის ხდება და სწორედ ამის შემდეგ შეეძლება ბუნდესლიგაში თამაში. ეჭვი არავის ეპარება, რომ როგორც კი 16 წლის გახდება, გერმანიის ჩემპიონატში მისი დებიუტი მაშინვე შედგება.

ჰაალანდი მუკოკოზე 4 წლითა და 4 თვით უფროსია. ნორვეგიელი ბორუსიაში იანვარში გადავიდა და მას მერე 16 გოლის გატანა შეძლო. ჰაალანდი მუკოკოს Kid-ს უწოდებს, ისინი უკვე ერთად ვარჯიშობენ და ნორვეგიელი უმცროს თანაგუნდელს ძალიან აქებს.

'15 წლის ასაკის ასეთი კარგი ფეხბურთელი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს'

“დამიჯერეთ, მუკოკო გაცილებით მაგარია, ვიდრე მე ვიყავი 15 წლის ასაკში” - ამბობს ჰაალანდი და თავის ნათქვამს ასე განმარტავს: “15 წლისაა და უკვე დორტმუნდის ბორუსიას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მე ამ ასაკში ჩემს მშობლიურ ქალაქ ბრიუნეში ვიყავი. არ მინდა, რომ ჩემმა ნათქვამმა ის ზედმეტად მძიმე წნეხის ქვეშ მოაქციოს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ნიჭიერია. 15 წლის ასაკის ასეთი კარგი ფეხბურთელი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს.”

იუსუფა მუკოკოს დებიუტი ბუნდესლიგაში ალბათ ნოემბრის შემდეგ შედგება

ჰაალანდი მართალია: მუკოკოს გამო ყველა გრანდს დორტმუნდის შურს. თავად ნორვეგიელს კი, მას შემდეგ, რაც ბორუსიამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან მომავალზე და შესაძლო ტრანსფერზე რომელიმე სუპერგრანდში. ნორვეგიელს ასეთ კითხვებზე ყოველთვის და ყველასათვის ერთნაირი პასუხები აქვს: მისი მიზანი დორტმუნდში თამაში და ტიტულების მოგებაა.

გერმანელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, რომ პირველ შეკრებაზე ჰაალანდი უფრო ათლეტურად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც 1-2 თვის წინ. თავად ფორვარდიც ამბობს, რომ ფიზიკურ კონდიციებზე იმუშავა.

“ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საკმარის ძილს, კარგ კვებას და რეგენერაციას. მიოლდეში ბევრი რამ ვისწავლე ჯანსაღ ცხოვრებაზე, მერე ზალცბურგშიც ასე ვიქცეოდი და ახლა დორტმუნდშიც. სწორი მიდგომები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრს ჰგონია,” - ამბობს ჰაალანდი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ჰაალანდი ამიერიდან უკვე მე-9 ნომრით თამაშობს. სწორედ ეს ნომერი ჰქონდათ ბორუსიას წინა დიდ ცენტრფორვარდებს - რობერტ ლევანდოვსკის, იან კოლერს ან სტეფან შაპუიზას. ‘კიკერის’ ჟურნალისტის კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ჰაალანდი ამ ნომერს, ნორვეგიელი ასე პასუხობს: “9 ნომერი მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ მომცეს.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები