Thumbnail

'ნინუა აქ არის, მომავალი აქ არის' - ნიკა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დინამო თბილისის 21 წლის ნახევარმცველი სალონიკის პაოკ-ში გადავიდა 
  • საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში გამოდის
  • ეს ტრანსფერი ეროვნულ გუნდში ნიკა ნინუას შანსს კიდევ უფრო ზრდის 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დინამო თბილისის 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა კარიერას საბერძენთის სუპერლიგაში გააგრძელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ნინუა სალონიკის პაოკ-ის ღირსებას დაიცავს - ტრანსფერი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა. 

ნინუამ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და პაოკ-ში 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბერძნულმა კლუბმა ნინუას ტრანსფერს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა: "ნინუა აქ არის, მომავალი აქ არის", გვამცნობს წარწერები ამ რგოლში.

ნიკა ნინუა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. დინამოელთა კაპიტანმა გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ნიკამ მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა. 

ნიკა ნინუა პაოკ-ში 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ნახევარმცველს საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ვლადიმირ ვაისი კი მას ეროვნული ნაკრების კანდიდატად უკვე განიხილავს.

პაოკ-ში ნინუას გადასვლა წლის ქართულ ტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს

შეგახსენებთ, რომ დინამოელთა კაპიტნით ამ ზაფხულს თურქული ბეშიქთაშიც ინტერესდებოდა და თითქოს, ტრანსფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

ნიკა ნინუა თურქეთის ნაცვლად საბერძნეთში აღმოჩნდა

რაც შეეხება პაოკ-ს, პორტუგალიელი აბელ ფერეირას გაწვრთნილმა გუნდმა 2019/20 წლების სეზონში საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა და მხოლოდ პირეოსის ოლიმპიაკოსს ჩამორჩა. პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის, სადაც მეტოქედ, სხვათა შორის, ზემოთ ნახსენები ბეშიქთაში ჰყავს. 

ფერეირა პაოკ-ს ჩემპიონთა ლიგისთვის ამზადებს

აღსანიშნავია, რომ სალონიკის პაოკ-ის მფლობელი და პრეზიდენტი ივან სავიდია - წალკის რაიონში დაბადებული 61 წლის ბერძენი ბიზნესმენი. კლუბი ისტორიაში სამჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი, ბოლოს კი - 2018/19 წლების სეზონში.

კომენტარები

ბოლო ამბები