Thumbnail

ბარსელონას ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა და კარანტინში იმყოფება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ის იმ 9 ფეხბურთელთაგანია, ვინც ვარჯიშში დღეს ჩაერთო
  • ესპანური კლუბი ბაიერნთან სათამაშოდ დღეს მიფრინავს

ესპანური ბარსელონას ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა კი, სავარაუდო სია, სადაც ინფიცირებულიც უნდა ფიგურირებდეს, ცნობილია.

კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში, დღეს, ბარსელონას 9 ფეხბურთელი ჩაერთო და ვირუსი სწორედ ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურდა.

აღნიშნული მოთამაშეები არიან: პედრი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, მატეუს ფერნანდესი, ჟან-კლერ ტოდიბო, მუსა ვაგე, კარლეს ალენია, რაფინია, ხუან მირანდა და ორიოლ ბუსკეტსი.

იტყობინებიან, რომ ინფიცირებული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება. ირკვევა ისიც, რომ მას კონტაქტი არ ჰქონია გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნთან სათამაშოდ ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ლისაბონში 14 აგვისტოს შედგება, ბარსელონა კი ლისაბონისკენ გეზს სწორედ დღეს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები