Thumbnail
  • კორონავირუსის პანდემია მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპსაც აზარალებს
  • აზიის ზონის შესარჩევში წელს დაგეგმილი მატჩები 2021 წლისთვის გადაიდო
  • ფიფა და AFC რეგიონში ვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსაც აზარალებს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა, რომ მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩები აზიის ზონაში, რომლებიც წელს უნდა ჩატარებულიყო, მომავალი წლისთვის გადაიდო. იგივე შეეხება "აზია 2023"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 2020 წლისთვი დაგეგმილ შეხვედრებსაც.

მუნდიალის აზიური შესარჩევის მე-2 რაუნდის მატჩები, თავდაპირველი გეგმით, ამ წლის მარტსა და ივნისში უნდა ჩატარებული, მაგრამ პანდემიის გამო ჯერ ოქტომბერსა და ნოემბერში გადაიტანეს, ახლა კი სულაც მომავალი წლისთვის გადაავადეს.

"COVID 19-თან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ფიფამ და აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC) ერთად გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისა და 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი მატჩები, რომლებიც თავდაპირველი გეგმის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლისთვის გადავადდა.

ყველა მონაწილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, ფიფა და AFC გააგრძელებენ ერთობლივად მუშაობას, ყურადღებით დააკვირდებიან რეგიონში ვითარებას და დაადგენენ შესაბამისი საკვალიფიკაციო მატჩების გამართვის ახალ თარიღებს. 

უფრო დეტალური ინფორმაცია მუნდიალი 2022-ისა და აზიის თასი 2023-ის მომდევნო შესარჩევი რაუნდების გამართვის ახალ თარიღებზე მოგვიანებით გამოცხადდება", - ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტი შეცვალა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს, აზიის თასს კი 2023 წელს ჩინეთმა უნდა უმასპინძლოს.

კორონავირუსის პანდემის გამო ერთი წლით უკვე გადავადდა ამ ზაფხულს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, ასევე - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები