Thumbnail

ვოლგოგრადის როტორში, რომელშიც უკვე ირიცხებიან ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, შესაძლოა, მორიგი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაჩნდა ინფორმაცია როტორში სოლომონ კვერკველიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, დღეს კი, БИЗНЕС Online იუწყება, რომ ვოლგოგრადში ზურიკო დავითაშვილსაც ელიან. აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა:

“ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი, შესაძლოა, როტორში აღმოჩნდეს. ის ვოლგოგრადში კარიერას იჯარის წესით გაავრცელებს. რუბინში ლეონიდ სლუცკის გამოჩენის შემდეგ, ნელ-ნელა მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სლუცკის ხელმძღვანელობით, საწყისი 3 ტურიდან ორში ის ძირითადში იყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ქართველი შემტევი მინდორზე ისევ ჩნდებოდა, თუმცა, ძირითადად, შეცვლებზე. გასული სეზონის სტარტზე ზურიკო რუბინის უმთავრეს ქართველ ვარსკლავად მიიჩნეოდა. დიახ, ზუსტად ის და არა ხვიჩა კვარაცხელია იყო გუნდის შეტევების ლიდერი და დამაგვირგვინებელი. მალევე იქცა ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად და პრესაც ძალიან კარგი ჰქონდა. საგულისხმოა, რომ დავითაშვილის თადარიგში გადანაცვლება საქართველოდან ყაზანში მის 34-საათიან მგზავრობას დაემთხვა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ზურიკო და ხვიჩა მძღოლთან ერთად, რუბინში თვითიზოლაციის შემდეგ ბრუნდებოდნენ.

ყაზანური კლუბისთვის ზურიკო ჯერ კიდევ ყურბან ბერდიევმა იპოვა. მან ჯერ კიდევ 18 წლის ფეხბურთელი თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და თავიდანვე ისე ამზადებდა, როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეს. თუმცა, იმ პერიოდში ზურიკოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და ის ყაზანში მხოლოდ ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც ბერდიევი გუნდში აღარ იყო. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს რუბინში მისი სხვა თანამემამულეების გამოჩენაც მოჰყვა. ლოკომოტივს აართვეს კვარაცხელია, მივიდნენ ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც. ახლა, არსებობს შანსი ბოლო ორნი დავითაშვილთან ისევ ერთ კლუბში აღმოჩნდნენ. შეგახსენებთ, რომ მიქელთაძე და ყიფიანი როტორში გასულ ზამთარს იჯარის წესით აღმოჩნდნენ, ზაფხულში კი სრულფასოვანი კონტრაქტები გააფორმეს, რადგანაც რუბინში მათთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი აღარ იყვნენ. ვოლგოგრადში აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, ასე რომ, თანამემამულეებს საქმე მოსაწყენად არ ექნებათ”.

ნიკა ყიფიანმა და ზურიკო დავითაშვილმა, შესაძლოა, ისევ ერთად ითამაშონ

დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე როტორის პოზიცია უცნობია, სამაგიეროდ პრესაში გაჩნდა კლუბის გენერალური დირექტორის ანდრეი რეკეჩინსკის კომენტარი, რომელიც სოლომონ კვერკველიას ეხება:

“კვერკველია? კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, თუმცა, არაფრის დაანონსებას არ ვაპირებ. ასეთ ტრანსფერებს სიმშვიდე უყვართ. იმედი გვაქვს, რომ ხარისხიანად გავძლიერდებით, კარგი და ძლიერი ფეხბურთელებით. რომელი პოზიციები გვაინტერესებს? ფორვარდი ყველა ვარიანტში და საყრდენი ნახევარმცველიც გვინდა”.

შეგახსენებთ, რომ როტორმა რუსული პრემიერლიგის ახალი სეზონი გუშინ მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩით გახსნა და 0:2 წააგო. ვოლგოგრადელთა ქართველი ფეხბურთელებიდან მინდორზე მხოლოდ მიქელთაძე ვიხილეთ, რომელიც შეცვლაზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. თავის მხრივ, ასევე 0:2 წააგო მოსკოვის ლოკომოტივთან რუბინმა, დავითაშვილმა კი 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები