Thumbnail

'შეუძლებელი არაფერია, ბოლომდე ვიბრძოლებთ' - გია გეგუჩაძე კენჭისყრის შედეგებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე შეაფასა და ევროპალიგაზე მომავალი მეტოქის, ბეერ-შევას ჰაპოელის შესახებ გააკეთა კომენტარი.

გეგუჩაძის განცხადებით, პირველი წრე რთული გამოდგა და ბოლო ნაწილში გუნდმა მოუმატა, თუმცა უფრო მეტის სურვილი გააჩნიათ. რაც შეეხება ჰაპოელს, გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

„საკმაოდ რთული პირველი წრე გამოგვივიდა, რადგან თავისთავად ცხადია, დასაწყისი, მერე შეწყდა ჩემპიონატი და პანდემიის პერიოდი ძალიან რთული იყო ნებისმიერი გუნდისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. მერე ისევ განახლდა სეზონი და გარკვეული სირთულეები იყო ფორმასთან დაკავშირებით. კონდიციები შესაძლოა ნორმალური გახლდათ, მაგრამ ფეხბურთელების შეთამაშება და ა.შ საჭირო იყო. ნელ-ნელა ვიღებთ სათამაშო კონდიციას და ვფიქრობ, პირველი წრის ბოლოს არაა ცუდი შედეგი, მაგრამ რასაკვირველია ყველა ჩვენგანს მეტი გვინდა.

მეტოქის შესახებ საუბარი უფრო ადვილი იქნება, როდესაც გარკვეულ ინფორმაციას მოვიძიებთ, ვნახავთ ამ გუნდის ჩატარებულ ბოლო თამაშებს. თავისთავად ცხადია ყველას შეგვიძლია თქმა, რომ რთული და ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია და ძალას არ დავაკლებთ“, - თქვა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ბეერ-შევას ჰაპოელს 27 აგვისტოს ისრაელში დაუპირისპირდება. ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, პირველი წრე წაუგებლად (4 მოგება, 5 ფრე) და 17 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა. ბათუმელები მე-10 ტურში 16 აგვისტოს, გათამაშების აუტსაიდერ თბილისის მერანს სტუმრად შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები