Thumbnail

PREVIEW | არგაშვება შეუძლებელია - პსჟ ატალანტასთან მეკარის იმედზეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 12 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ატალანტა V პსჟ | 📺 SILK უნივერსალი
  • ლისაბონში სტარტს ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი აიღებს
  • მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონი, "რვათა ფინალის" ფორმატში, ლისაბონში გაგრძელდება. ¼-ფინალურ ეტაპზე პირველები ბერგამოს ატალანტა და პარი სენ-ჟერმენი ითამაშებენ, რომლებიც ერთმანეთს ოთხშაბათს, უმაყურებლო "ეშტადიუ და ლუშზე" დაუპირისპირდებიან.

ამ წყვილისგან ყველა ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ელოდება, რადგან ორივე გუნდს უყვარს შეტევა და ბევრი გოლის გატანა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა და აქ საქმე საკადრო პრობლემებს ეხება. 

ჯან პიერო გასპერინის გუნდს ნამდვილად არ ეყოლება ძირითადი მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელმაც მუხლი სერია A-ს 38-ე ტურში დაიზიანა. ამას კიდევ მოევლება - ბერგამოელებს მარკო სპორტიელოც ჰყავთ, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, მაგრამ იოსიპ ილიჩიჩის გამოკლება ატალანტასთვის ნამდვილად პრობლემაა. 32 წლის ფეხბურთელმა (15 გოლი და 5 პასი სერია A-ს 26 მატჩში), რომელმაც 1/8-ფინალში ვალენსიას ორ მატჩის ჯამში 4 (!) გოლი გაუტანა, ოჯახური პრობლემებისა და მისგან გამოწვეული დეპრესიის გამო, ბერგამო დატოვა და მშობლიურ სლოვენიაში გაემგზავრა. 

ატალანტა ჩემპიონთა ლიგაში თავის ისტორიაში პირველად გამოდის

დანაკლისი არანაკლები აქვს პარი სენ-ჟერმენს. ანხელ დი მარიას დისკვალიფიკაცია აქვს, მარკო ვერატისა და ლეივინ კურზავას კი ტრავმები აწუხებთ. რაც მთავარია, კითხვის ნიშნის ქვეშაა პარიზელთა ფორვარდის კილიან მბაპეს თამაში, რომელმაც თასის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ, მთავარ ჯგუფში ვარჯიში ბოლო მომენტში კი განაახლა, მაგრამ ატალანტასთან 90 წუთს ალბათ ვერ ჩაატარებს.

მბაპემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ატალანტამ გასულ სერია A-ში ყველაზე მეტი, 98 გოლი გაიტანა და ბუნებრივია, მატჩის წინ ძალიან ფრთხილობს პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, რომელმაც, სხვათა შორის, ტრავმა გუნდის ვარჯიშზე მიიღო: 

"ატალანტასთან მნიშვნელოვანი კარგი დაცვა იქნება. მათ სრულიად უნიკალური სტილი აქვთ - ყველა მოთამაშით უტევენ, სულ წინ იწევენ და წნეხს ყველგან ახორციელებენ. მათი 10 ნომერი, გომესი, გამუდმებით თავისუფალია და მოძრაობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ვიცით, რომ ატალანტასგან გოლის არმიღება ძალიან რთულია. კეილორ ნავასი საკვანძო მოთამაშე შეიძლება გახდეს, რადგან ის ყოველთვის მშვიდია და ასეთ დაპირისპირებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს".

პარი სენ-ჟერმენს მწვრთნელიც ტრავმირებული ჰყავს 

ატალანტა-პსჟ-ის წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში ლაიპციგისა და მადრიდის ატლეტიკოს დაპირისპირებაში მოგებულს შეხვდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბერგამოს გუნდს ჩემპიონთა ლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 1 ფრე.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ატალანტას ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ატალანტას წინა 7 შეხვედრიდან 5-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

⚽ პირველ ტაიმში ფრე ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოელთა ბოლო 6 მატჩიდან 5-ში არ დაფიქსირდა.

⚽ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-8 სეზონს ატარებს. ბოლო 3 გათამაშებაში გუნდი ⅛-ფინალში მარცხდებოდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში პარიზულმა გუნდმა სულ 4 გოლი გაუშვა და 20 გაიტანა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში პარი სენ-ჟერმენის ბოლო 31 მატჩიდან 26-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ პსჟ ევროთასებზე ტალიურ კლუბებთან არცთუ წარმატებით თამაშობს - 20 მატჩდან მხოლოდ 2 მოიგო (9 ფრე, 9 მარცხი).

⚽ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 8-ში 1 გოლზე მეტი გაიტანა. 

⚽ პირველ ტაიმში ფრე ჩემპიონთა ლიგაში პარიზელთა ბოლო 6 მატჩიდან 5-ში არ დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატალანტა (3-4-2-1): სპორტიელო - ტოლოი, კალდარა, ჯიმშიტი - ჰატებური, დე რონი, ფროილერი, გოზენსი - გომესი, მალინოვსკი - საპატა.
ტრავმა: გოლინი, პალომინო.
პირადი მიზეზი: ილიჩიჩი.

პსჟ (4-3-3): ნავასი - კერერი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი - გეიე, მარკინიოსი, ერერა - სარაბია, იკარდი, ნეიმარი.
ტრავმა: ვერატი, კურზავა.
დისკვალიფიკაცია: დი მარია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები