Thumbnail

ნიკა კაჭარავას მსურველი გამოუჩნდა - ანორთოსისი წინადადების მოლოდინშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შესაძლოა კვიპროსი დატოვოს
  • 26 წლის ფეხბურთელს მსურველი კვიპროსის საზღვრებს გარეთ ჰყავს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შესაძლოა უახლოეს ხანში ანორთოსისი და მთლიანად კვიპრისი დატოვოს. ამის შესახებ ადგილობრივი სპორტული მედია, 26 წლის ფეხბურთელის მენეჯერზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობით, კაჭარავას მსურველი კლუბი კვიპროსის საზღვრებს გარეთ ჰყავს.

ამავდროულად ირკვევა, რომ ფამაგუსტას კლუბისთვის კაჭარავას ტრანსფერზე ოფიციალური და კონკრეტული წინადადებით არავის მიუმართავს, თუმცა საკითხის გადაწყვეტას უახლოეს 24 საათში ვარაუდობენ.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც ასევე გამოდიან გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, კვიპროსის 2019/20 წლების ნაადრევად დასრულებული ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ნიკამ 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

სავარაუდოდ ქეცბაიას ახალი ფორვარდის დამატება დასჭირდება

"თუკი რომელიმე კლუბი დაინტერესებას ოფიციალურად დაადასტურებს და ანორთოსისი კონკრეტული წინადადებას საზღვარგარეთიდან მიიღებს, კლუბის ადმინისტრაცია მას განიხილავს და ტრანსფერი შესაძლებელი გახდება", - წერს ბერძნული მედია, რომელიც ვარაუდობს, რომ ნიკას წასვლის შემთხვევაში, ქეცბაიას მუშაობა ორი ფორვარდის ტრანსფერზე დასჭირდება, რადგან კლუბი რამდენიმე კვირის წინ მიხალ დურიშს უკვე დაემშვიდობა.   

ნიკა კაჭარავა ანორთოსისში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ანორთოსისში გადაბარგებამდე, ნიკას როსტოვში (რუსეთი), კიელცეს კორონაში (პოლონეთი), ახნას ეთნიკოსსა (კვიპროსი) და ცხინვალში უთამაშია. თავდამსხმელის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 17 მატჩში გოლი და 2 საგოლე პასია.  

კომენტარები

ბოლო ამბები