Thumbnail
  • ანდრეა პირლო ანიელის პირადი არჩევანია
  • გუნდებს ახლა ცოტა დრო და ფული აქვთ
  • ტურინში კარგად ნაცნობ კადრს ენდნენ
  • პირლო უფრო მენეჯერი იქნება, ვიდრე მწვრთნელი

მაურიციო სარის ტურინში მუშაობას დიდი დღე რომ არ ეწერა, ეს ცხადი იყო - მისი გუნდი უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა. მეცხრე 'სკუდეტომ' არ მოგატყუოთ! იუვენტუსი კლასით, შემადგენლობის სიძლიერითა და კლუბის განვითარებით იმდენად აღემატება თავის კონკურენტებს, რომ ეს 'სკუდეტო' წვალებითაც მოიგო.

სარის პოტენციურ შემცვლელებზე ბევრს საუბრობდნენ. მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება, სიმონე ინძაგი, მაურისიო პოჩეტინო, თუნდაც ისევ ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანის უტოპიური ვარიანტი - პრესაში ყველა ეს შესაძლებლობა განიხილებოდა. თუმცა პირლოზე ყველაზე თამამი და ყველაზე ყვითელი პრესაც კი არ წერდა. გასაგებია, პირლოს იუვეს მთავარ მწვრთნელად უბრალოდ არავინ აღიქვამდა.

მეტიც, რაც არ უნდა ამტკიცონ ტურინში, ნათელია, რომ პირლოს ვარიანტს ისინიც ბოლო მომენტამდე არ განიხილავდნენ. სხვანაირად, ‘მაესტროს’ ლიონის ფიასკომდე სულ რამდენიმე დღით ადრე, იუვეს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად არ დანიშნავდნენ. უბრალოდ, კიდევ ერთი კვირა დაელოდებოდნენ. ცხადია, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ტურინული გრანდის შეფობამ ცაიტნოტში და სტრესის ფონზე მიიღო.

იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ანდრეა პირლო

პირლო იმდენად დიდი და ჯადოსნური სახელია საფეხბურთო სამყაროსთვის, რომ მისი დანიშვნის შემდეგ თითქოს კითხვებიც არავის დაუსვამს. ყველა კეთილგანწყობით შეხვდა - ექსპერტები, ჟურნალისტები, კოლეგები, ყოფილი ოპონენტები და თანაგუნდელები.

ნათელი და გულწრფელი იყო თავად იუვეს ფეხბურთელების გზავნილიც. სოციალურ ქსელში ისინი პირლოს ისე შეხვდნენ, როგორც დიდი ხნის მეგობრის დაბრუნებას. 'სკუდეტოების' ნაწილი მათ ერთად მოიგეს - ეს რეაქციაც გასაგებია. ამის მიუხედავად ფაქტია, რომ პირლოს დანიშვნა იუვეს მხრიდან საფუძვლიანი რისკი იყო. რატომ წავიდნენ ტურინში ამ რისკზე და რას უნდა ველოდოთ პირლოს იუვენტუსისგან?

ტენდენციის ნაწილი

თუ ევროპულ ფეხბურთს გლობალურად შევხედავთ, პირლოს დანიშვნა ტენდენციის ნაწილია. დიდი კლუბები სულ უფრო და უფრო იოლად ენდობიან თავიანთ ყოფილ ლეგენდებს: ლამპარდმა ჩელსიში ძალიან კარგი სადებიუტო სეზონი ჩაატარა, სულშერმა იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, არსენალის აღორძინება მიკელ არტეტას მიანდეს, ბარსელონაში ჩავის ელოდებიან, ზიდანზე აღარაფერს ვამბობთ. კლუბის ლეგენდა არ ეთქმის, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში გუნდის მართვა მიუნხენის ბაიერნმაც შიდა კადრს, ჰანსი ფლიკს მიანდო და არც უნანია.

ევროპულ ფეხბურთში ახალი მწვრთნელების ეპოქა დგება. ‘პირლოს დანიშვნამ თავი მოხუცად მაგრძნობინა’ - ასეთი რეაქცია ჰქონდა ანტონიო კონტეს. გარკვეულწილად მართალიცაა - გვარდიოლა, კლოპი, სიმეონე, კონტე - ანუ ის ხალხი, ვინც 10 წლის წინ ევროპული სამწვრთნელო სკოლის ამომავალ ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ, დღეს უკვე ვეტერანები თუ არა, ძალიან გამოცდილი სპეციალისტები ეთქმით.

თუმცა პირლოს შემთხვევა ორი ფაქტორის გამო მაინც გამონაკლისია. პირველი ის არის, რომ ამ ნაბიჯზე ტურინის იუვენტუსი წავიდა. იუვე ტრადიციულად გამოცდილ კადრებს ანიჭებდა უპირატესობას და ამ ტიპის მწვრთნელის დანიშვნას ალბათ ყველაზე ნაკლებად ტურინში ველოდებოდით. ბოლო 30 წელიწადში ტურინში ასე ერთხელ გარისკეს, როცა კლუბის კიდევ ერთ ლეგენდას, ჩირო ფერარას ენდნენ და მაშინ რისკმა არ გაამართლა.

ბუფონი პირლოს დაბრუნებას ამ ფოტოთი შეხვდა

გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორიც: ამ ტიპის მწვრთნელთან ერთად გუნდები უფრო ახალ სიცოცხლეს იწყებენ ხოლმე. ასე მოხდა ჩელსიშიც, მანჩესტერშიც და არსენალშიც. თავის დროზე ასეთი ნაბიჯი იყო გვარდიოლას ბარსელონაში დანიშვნაც. იუვე ახალ სიცოცხლეს არ იწყებს. ეს ვეტერანი გუნდია, რომელიც პირიქით, ამ ფორმაციით თავის ‘სიცოცხლეს’ ამთავრებს. ანდრეა ანიელის ოცნებებში ამ ფორმაციის იუვემ საბოლოო ეტაპზე ალბათ ზედიზედ მეათე სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. ამ ამოცანისთვის პირლოს ტიპის მწვრთნელის შერჩევა, რისკიანი და არასტანდარტული ნაბიჯია.

არის მეორე უცნაურობაც. ყველა ზემოჩამოთვლილ მწვრთნელს თუნდაც მცირეხნიანი გამოცდილება ამ საქმეში მაინც ჰქონდა. კონტემ, რომელიც ასევე კლუბის ლეგენდის სტატუსით ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ტურინში მუშაობა, იუვემდე ქვედა ლიგებში მოასწრო გამოცდილების აკრეფა, ლამპარდი დერბისთან ერთად პრემიერლიგაში გადმოსვლისათვის იბრძოდა, ზიდანი ანჩელოტის თანაშემწე იყო, გვარდიოლა ბარსას ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, არტეტა გვარდიოლას ეხმარებოდა სიტიში, სულშერი კი ნორვეგიაში აგროვებდა გამოცდილებას. ანუ, პირლო ახალგაზრდული გუნდების, თანაშემწეობის და ქვედა ლიგებში გამოცდილების დაგროვების ეტაპს გადაახტა და ისე აღმოჩნდა იუვეს სამწვრთნელო სკამზე.

ფინანსური ფაქტორი

გულშემატკივარი ფინანსური პერსპექტივიდან სპორტს იშვიათად აღიქვამს, არადა ფინანსები ბევრი გადაწყვეტილების გასაღებია. ასე უნდა ყოფილიყო პირლოს შემთხვევაშიც. წლევანდელ სეზონს კორონავირუსმა დაღი დაასვა. კლუბებმა დიდი თანხები დაკარგეს და იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისი გრძელდება და მაყურებელი ტრიბუნებზე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდება, ფინანსური დანაკარგები შემდეგ სეზონშიც მხოლოდ მოიმატებს.

ამას დაამატეთ ის, რომ იუვე ლიონთან 7 აგვისტოს გავარდა და 19 სექტემბერს უკვე ჩემპიონატი უნდა დაიწყოს. ანუ, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო კლუბებს ბევრად უფრო ცოტა დრო და ფული აქვთ. არადა, ახალი მწვრთნელის გუნდში მისვლა ყოველთვის დროსთან და ფულთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ამ სიტუაციაში ყველა გუნდი თავს იკავებს მკვეთრი ნაბიჯებისგან.

9 წლის წინ იუვემ ელიტაში დაბრუნება პირლოს ტრანსფერით დაიწყო

ახალი მწვრთნელი ახალ პროექტს და უმეტეს შემთხვევაში, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ნიშნავს. ახალ დამრიგებელს ზოგი ფეხბურთელი არ დაჭირდება და გაყიდვას მოითხოვს და ზოგ პოზიციაზე გაძლიერების სურვილი ექნება. ამ სეზონში სულ რაღაც 1 თვის მანძილზე არარეალისტურია ახალი პროექტის დაწყება. ტრანსფერებს თავი დავანებოთ, ახალ მწვრთნელს უბრალოდ დრო არ ექნება, რომ გუნდის თამაში სათავისოდ გადააწყოს. სარის 'ყველა ხიდი რომ არ დაეწვა', ტურინიდან ამ ზაფხულს მას არ გაუშვებდნენ. უბრალოდ ცუდი დროა ამისთვის.

შესაბამისად, პოჩეტინოს ტიპის მწვრთნელის მისვლა, რომელსაც დიდი ხელფასი უნდა გადაუხადო და მისი ხედვის მიხედვით დაიწყო გუნდის გაძლიერება, ამ ზაფხულს არცთუ ისე კარგი იდეა იყო - ზემოაღნიშნული დროის და ფინანსების სიმცირის გამო. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ იუვეს სარისთვის 20 მილიონი აქვს კომპენსაციის სახით გადასახდელი.

წაიკითხეპირლო არ თამაშობდა, პირლო ქმნიდა - მაესტრო, რომელზეც შვილიშვილებს მოვუყვებით

შესაბამისად, კლუბისთვის პრიორიტეტული ისეთი ვარიანტი იყო, რომელსაც გუნდის გასაცნობად დრო არ დასჭირდებოდა, არსებულ კონტიგენტთან მუშაობით დაკმაყოფილდებოდა და მისი ხელფასი (და მოთხოვნები) კლუბის ბიუჯეტს ზედმეტად არ გადატვირთავდა. პირლო ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ცოტა არჩევანი

პირლოს სულ ორწლიანი კონტრაქტი აქვს, რაც საფეხბურთო მენეჯმენტის ენაზე იმას ნიშნავს, რომ ტურინში ფრთხილობენ და თავს იზღვევენ. გამოუცდელი კადრის დანიშვნის რისკები გაცნობიერებული აქვთ. პირლოსთვის პირველივე სეზონი გადამწყვეტი იქნება - ის ამ სეზონის შემდეგ ან ახალ, გრძელვადიან და გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს, ანაც იუვე შემდეგ ზაფხულში ისევ ეცდება ახალი მწვრთნელი მოძებნოს იმ პირობებში, როცა დრო და ფული უფრო მეტი იქნება ახალი პროექტის დასაწყებად.

სამწვრთნელო ბაზარი ძალიან შეზღუდულია. იტალია პრემიერლიგა არ არის, სადაც ნებისმიერ მწვრთნელს ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, ინგლისურ ენაზე შეუძლია მუშაობა. იტალიაში მუშაობისთვის აუცილებელია ენის და ადგილობრივი კულტურული და საფეხბურთო თავისებურებების ცოდნა. სწორედ ამიტომ, იუვენტუსი უცხოელ მწვრთნელებს თითქმის არასოდეს ენდობა, თუ ეს დიდიე დეშამის მსგავსი ვარიანტი არ არის, რომელსაც იტალიაში თამაშის და ცხოვრების გამოცდილება აქვს.

ალეგრის დაბრუნება ბოლო მომენტამდე განიხილებოდა

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პირლოს გარდა, ერთადერთი რეალისტური სცენარი მაქსი ალეგრის დაბრუნება იყო. იუვეს გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო და ტურინში ერთ მდინარეში მეორედ შესვლას რისკიანი ნაბიჯი არჩიეს.

როგორი იქნება პირლოს იუვე?

პირლოს სამწვრთნელო ფილოსოფიაზე თითქმის არაფერი ვიცით. ის ამ რანგში თავის კარიერას ნულიდან იწყებს. იუვეს შემთხვევაში ეს შეიძლება ცუდი ვარიანტი არ იყოს.

გასულ ზაფხულს სარის დანიშვნის არაადეკვატურობა სწორედ ამაში გამოიხატებოდა: ზედიზედ 8-ჯერ ჩემპიონ, ძალიან გამოცდილ და ვარსკვლავურ გუნდში დოგმატიკოსი მწვრთნელი მიიყვანეს, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ ერთ სტილში აღიარებს. არადა, მას იქ გუნდი დახვდა, რომელიც აბსოლუტურად სხვა სტილში თამაშს იყო მიჩვეული. სარის არც ის ფეხბურთელები ჰყავდა, რომ მისთვის სახასიათო ფეხბურთის თამაში ეცადა და არც იმის ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მის ხელში არსებული მოთამაშეებისთვის თამაში თავიდან ესწავლებინა. ჯამში გაურკვეველი რაღაც გამოვიდა - გუნდმა საუკეთესო თვისებები დაკარგა (მაგალითად, დაცვაში ნულზე თამაშის უნარი) და ახალიც სარისგან ბევრი ვერაფერი ისწავლა.

პირლო სავარაუდოდ უფრო მარტივ გზას აირჩევს და სათამაშო სტილს და სტრატეგიას არსებული მოთამაშეების მიხედვით განსაზღვრავს. იუვეს კლასიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა მომგებიანი ნაბიჯი იყოს.

წაიკითხე ანდრეა პირლოს თამაში - იტალიური ფეხბურთის ლეგენდის 10 გამონათქვამი

მას უკვე ნათქვამი აქვს, რომ მისი საყვარელი სქემა 4-3-3-ია. ამ სქემით იუვე წლებია თამაშობს და სწორედ მის მიხედვით არის გუნდი დაკომპლექტებული. პირლოსაც იოლად ექნება შანსი, რომ ის სქემა გამოიყენოს, რომელიც მოსწონს.

მწვრთნელი, რომელსაც მისივე აღიარებით მასზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა, ანტონიო კონტეა. თუმცა ეს უფრო ადამიანური გავლენაა. სტილით იგი გვარდიოლას თაყვანისმცემელია და ამ გაზაფხულზე ‘სკაის’ ექსპერტის რანგში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას სურს, მისი გუნდი ბურთს მეტოქის ნახევარზე ხშირად და ეფექტურად ფლობდეს.

კონტეს პირლო მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღლა აყენებს

ერთი საქმე, რომელიც პირლოს აუცილებლად მოუწევს, თაობათა ცვლის პროცესის დაწყებაა. ბლეზ მატუიდი უკვე წავიდა. იტალიური პრესის ცნობით, მას გონსალო იგუაინი, სამი ხედირა, დუგლას კოშტა და მატია დე შილიოც მიყვებიან. რეალისტურია ფედერიკო ბერნარდესკის წასვლაც.

პირლოს ძველი კომენტარის მიხედვით, იუვე ყველაზე მეტად გაძლიერებას მოედნის ცენტრში საჭიროებს. 'ამ გუნდს ბურთი რონალდომდე ვერ მიაქვს' - აღნიშნავდა იგი. სავარაუდოდ, ამ 1 თვეში ტურინში ეცდებიან, სწორედ ნახევარმცველი და იგუაინის შემცვლელად ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატონ. ლაპარაკია არკადიუშ მილიკის, ან დუვან საპატას ტრანსფერზე. იტალიურ პრესაში იმასაც წერენ, რომ ტურინში ორი ახალგაზრდა იტალიელის, სანდრო ტონალის და ნიკოლო ძანიოლოს დამატება სურთ. 

ანიელის კადრი

ალეგრის ნაცვლად, სარის დანიშვნა ფაბიო პარატიჩის და პაველ ნედვედის იდეა იყო. ანიელი ბოლომდე ალეგრის დარჩენისკენ იხრებოდა. შესაბამისად, სარის წასვლის შემდეგ დღის წესრიგში პროექტის ავტორის, ფაბიო პარატიჩის წასვლაც დადგა. პარატიჩიმ ადგილი შეინარჩუნა, თუმცა პირლო უკვე ანიელის კადრია.

პირლოს და ანიელის დიდი მეგობრობა აქვთ. პირლოს წიგნში ამ ამბავს ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. ტურინული გრანდის ფეხბურთელებს შორის მხოლოდ პირლო და ბუფონი არიან ისინი, ვისაც შეუძლია, თავს ანიელის მეგობარი უწოდოს.

შესაბამისად, პირლოს კლუბის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სამწვრთნელო საქმე ბევრ დეტალს და მიმართულებას მოიცავს: ვარჯიში, ტაქტიკა, ტრანსფერები, პრესასთან ურთიერთობა, მეტოქეების ანალიზი ა.შ. ‘ცოტა გძინავს და ბევრს მუშაობ’ - როგორც გატუზომ შეაფასა თავისი სამუშაო.

როცა კონტეზე, გვარდიოლაზე ან სიმეონეზე ამბობენ, რომ მათ მწვრთნელის უნარები ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს გამოავლინეს, პირლოზე ამას რთულად იტყვი. ის თითქოს უფრო ხელოვანია, ვიდრე ორგანიზატორი. მაგალითად, სარის შეეძლო, მთელი ღამე სტანდარტებზე ემუშავა - ეს მისი საყვარელი თემაა, რომელზეც დისერტაციის ტიპის ნაშრომი აქვს შექმნილი. შედეგად, წელს იუვემ თავისი გოლების 30 პროცენტზე მეტი სწორედ სტანდარტებიდან შეაგდო. სტანდარტებზე მუშაობაში რომ ღამეებს ათენებს, ასეთი პირლო ნაკლებად წარმომიდგენია. თუმცა, მას შეუძლია მენეჯმენტის სხვა სტილით წავიდეს. კერძოდ, ჰყავდეს გარშემო ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გუნდს ტექნიკურად კარგად მოამზადებენ, თვითონ კი უფრო მეტად გუნდის მართვაზე გააკეთოს აქცენტი. ადამიანებთან ურთიერთობას და მათგან პატივისცემის მიღებას რომ სარიზე უკეთ შეძლებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

სარის შემთხვევაში პირიქით იყო - მისი გუნდიდან გაგდების პოსტი სოციალურ ქსელში ლამის ნახევარმა იუვენტუსმა დაალაიქა. პირლო სავარაუდოდ სხვა ტიპის მწვრთნელი იქნება. უფრო მენეჯერი, ვიდრე მწვრთნელი.

შესაბამისად, კლუბი მას ვიწროპროფილური სპეციალისტებით აუცილებლად უნდა დაეხმაროს, რადგან სხვა შემთხვევაში, ამ ეტაპზე რთულია, პირლო ტექნიკური პარამეტრებით ევროპის საუკეთესო მწვრთნელების კონკურენტად განვიხილოთ.

ანდრეა პირლოს დანიშვნა შემდეგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო ჯადოქარი, მოულოდნელად, სრულიად ახალ ამპლუაში გვევლინება. ამ ეტაპზე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. პასუხებს სექტემბრიდან ვნახავთ. ფაქტია, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი კრიტიკულ სიტუაციაში არასტანდარტული გზით წავიდა და თავისი ბედი სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელ ანდრეა პირლოს დაუკავშირა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები