Thumbnail

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე ისრაელის თასის მფლობელი ჰაპოელ ბეერ-შევა იქნება, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად, ისრაელში დაუპირისპირდება.

ბათუმელთა ფორვარდი ლადო დვალიშვილი 2009-12 წლებში ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტოპ გუნდში, ჰაიფას მაქაბიში თამაშობდა. 34 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ისრაელის ფეხბურთს კარგად იცნობს. პოპსპორტთან საუბრისას დვალიშვილმა ზოგადად ისრაელის ჩემპიონატი და დინამო ბათუმის მომავალი მეტოქე შეაფასა.

“ჰაპოელის აღმასვლის დაწყება მაქაბიდან ჩემს წამოსვლას დაემთხვა. მაშინ გუნდში ახალი პრეზიდენტი მივიდა, რომელმაც კლუბში დიდი ცვლილებები მოახდინა. პირველ რიგში მან ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, პარალელურად კი შემადგენლობის გაძლიერებაზეც ზრუნავდა, რამაც საბოლოო ჯამში შედეგად ის მოიტანა, რომ ჰაპოელი ზედიზედ სამჯერ ჩემპიონი გახდა. ახლა ეს გუნდი ასეთი ძლიერია აღარაა, მაგრამ ის, რომ გასულ სეზონში თასი მოიგო, ბევრ რამეზე მეტყველებს” - ამბობს დვალიშვილი.

'ისრაელის ჩემპიონატი დაახლოებით პოლონეთის ჩემპიონატის დონისაა'

34 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ისრაელის ჩემპიონატს მაღალი დონის ტურნირს უწოდებს: “ისრაელის პირველობა დაახლოებით პოლონეთის ჩემპიონატის დონისაა, მაგრამ პოლონეთისგან განსხვავებით, ისრაელში ბევრად უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან კარგი ჩემპიონატია იმისთვის, რომ მოთამაშე ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირდეს და ტრამპლინად გამოიყენოს.”

ლადო დვალიშვილი დინამო ბათუმში მეორე სეზონს ატარებს

დვალიშვილის აზრით, ჰაპოელის უპირატესობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშებს და თანაც, შეცვლილი ფორმატის თანახმად დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება. “იმედი მაქვს, რომ ამ უპირატესობის გაქარწყლებას შევძლებთ და ძალთა თანაფარდობა 50/50-ზე იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, მაყურებლები შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პლუსია,” - მიაჩნია დვალიშვილს და დასძენს: “ბუნებრივი პირობების მიხედვით, ბათუმთან დიდი განსხვავება არაა. ტემპერატურა თითქმის იგივეა, შეიძლება ოდნავ უფრო ცხელოდეს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ ფაქტმა ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეგვიშალოს.”

მაქაბიში თამაშის პერიოდში ლადო დვალიშვილმა 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 35 გოლი გაიტანა. დინამო ბათუმის ფორვარდს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 6 გოლია. 34 წლის თავდამსხმელი დინამო ბათუმში მეორე სეზონია თამაშობს.

📺 ლადო დვალიშვილის გოლები ისრაელში

კომენტარები

ბოლო ამბები