Thumbnail
  • რუსული მედიის ცნობით, ქართველი მცველი კლუბს უახლოეს მომავალში შეიცვლის
  • 28 წლის ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ როტორს უკავშირებენ
  • ვოლგოგრადის გუნდში მას ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი დახვდებიან 

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივს დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ბოლო წლებში საბა რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა

Sport24-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ვოლგოგრადის როტორში გადასვლასთან ახლოსაა. საბასთვის კარიერის გასაგრძელებლად ურალის ვარიანტიც აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, ის მაინც ვოლგოგრადის კლუბს შეუერთდება.

საბა კვერკველიას მომავალი მოსკოვის ლოკომოტივში ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ამ ზაფხულს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იური სიომინი გაუშვეს და მის ნაცვლად სერბი მარკო ნიკოლიჩი მიიწვიეს. კვერკველიას კლუბთან კონტრაქტი 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მის სატრანსფერო ფასად კი 5 მილიონი ევრო სახელდება.

რაც შეეხება საბას სავარაუდო მომავალ კლუბს, როტორი რუსეთის პრემიერლიგაში გასული სეზონის შემდეგ აღზევდა. გუნდში, რომელსაც ალეკსანდრ ხაცკევიჩი წვრთნის, ცოტა ხნის წინ ჯანო ანანიძე ჩაირიცხა, მანამდე კი ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი შეუერთდნენ.

ჯანო როტორში პირველი მატჩისთვის ემზადება

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლის დასაწყისიდან იცავს და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონი (2017/19 წლებში), ორჯერ რუსეთის თასის (2016/17 და 2018/19) და რუსეთის სუპერთასის (2019) მფლობელი გახდა. რუსეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ქართველმა მცველმა 9 მატჩში ითამაშა.

რუსეთის 2020/21 წლების პრემიერლიგის პირველ ტურში, 11 აგვისტოს, როტორი ჩემპიონ ზენიტს მიიღებს, ლოკომოტივი კი ყაზანის რუბინს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები