Thumbnail
  • ინტერი ევროტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა
  • მანჩესტერ იუნაიტედმა კოპენჰაგენს მხოლოდ დამატებით დროში გაუტანა

მილანის ინტერი ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა. ანტონიო კონტეს გუნდმა დიუსელდორფში ლევერკუზენი 2:1 დაამარცხა. გუნდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და გოლები 10-წუთიან ინტერვალში გაიტანეს.

ანგარიში ნიკოლო ბარელამ გახსნა, ხოლო რომელუ ლუკაკუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. გერმანელები თამაშში 25-ე წუთზე დაბრუნდნენ, როდესაც კაი ჰავერტცმა სხვაობა შეამცირა, თუმცა, ეს "ფარმაცევტების"  მაქსიმუმი გამოდგა, რადგან იტალიელები უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება საფრთხის ქვეშ არ დაუყენებიათ.

"ინტერი" 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირის ნახევარფინალში. მაშინ "ნერაძურიმ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რომელუ ლუკაკუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპალიგა/უეფას თასზე ზედიზედ 9 თამაშში გოლი გაიტანა. ინტერი ნახევარფინალში შახტარისა და ბაზელის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მანჩესტერ იუნაიტედმაც, რომელსაც დანიურ კოპენჰაგენთან დიდი ბრძოლა გადახდა. ინგლისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ძირითად დროში გოლი ვერ გაიტანეს და უგოლო ფრე დაფიქსირდა. დამატებით დროში მანჩესტერმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტია, 95-ე წუთზე კი პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა ზუსტად შეასრულა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მანჩესტერის მეტოქე ნახევარფინალში ვულვერჰემპტონისა და სევილიას შეხვედრაში გაირკვევა.

ინტერი 2:1 ლევერკუზენი

გოლები: 1:0 ბარელა (15), 2:0 ლუკაკუ (21), 2:1 ჰავერტცი (25)

მანჩესტერი 1:0 კოპენჰაგენი

გოლი: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (95, პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები