Thumbnail
  • იტალიურ რომაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან
  • 'ჯალოროსის' ახალი პრეზიდენტი პირლოს იუვეში დანიშვნამ შთააგონა

რომაში შესაძლოა ლეგენდარული ფეხბურთელები დანიელე დე როსი და ფრანჩესკო ტოტი დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ახალ ამპლუაში. რომაელთა რიგებში დიდი ცვლილებებს კლუბის ახალი მფლობელი დენ ფრედკინი გეგმავს.

სწორედ მას აქვს იდეა, რომ დე როსი მთავარ მწვრთნელად დანიშნოს, ხოლო ტოტი - ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელად. დანიელემ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება აქვს გადაწყვეტილი. აქამდე მას ბოლონიასაც უკავშირებდნენ, კერძოდ ახალგაზრდულ გუნდს, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. რომაში დე როსის მწვრთნელად დანიშვნის აზრი მას შემდეგ გაჩნდა, რაც იუვენტუსმა საპასუხისმგებლო პოსტი ანდრეა პირლოს ჩააბარა.

ამერიკელი მილიარდერი რომაში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს

ამჟამად, რომას პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვრთნის, მაგრამ "ჯალოროსის" წარმატებული სეზონი არ ჰქონია, სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა, ევროპალიგას კი 1/8 ფინალში გამოეთიშა. ამიტომაც ფონსეკას საკითხი დღის წესრიგში დგას.

ფრანჩესკო ტოტის რაც შეეხება, მან რომა აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასთან კონფლიქტის გამო დატოვა, მაგრამ ვინაიდან ამერიკელი გუნდიდან თავადაც წავიდა, არაა გამორიცხული დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ტოტი და დე როსი რომას ისტორიაში გამორჩეული ფიგურები არიან. ფრანჩესკო "მგლების" ღირსებას 1992-2017 წლებში იცავდა (786 მატჩი, 307 გოლი), ხოლო დე როსიმ 2001-2019 წლებში 616 თამაშში 63 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები