Thumbnail

ბელგრადის ცრვენა ზვეზდას მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთის ქომაგისთვის კარგად ნაცნობი დეიან სტანკოვიჩი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სერბული კლუბი პირველ წრეში გიბრალტარის ჩემპიონ ევროპას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, დინამო თბილისსა და ალბანურ ტირანას შორის უმჯობესს შეხვდება. ის მატჩი საქართველოს დედაქალაქში 25 ან 26 აგვისტოს ჩატარდება, სტანკოვიჩმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. კარგია, რომ სერბეთში სეზონი დაიწყო და ჩემპიონთა ლიგის სტარტს მომზადებულები შევხვდებით. პირველ რიგში, წარმატებას ევროპასთან უნდა მივაღწიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთოთ დინამო თბილისზე ანაც ტირანაზე. ჯერ ისიც კი არ ვიცით, მეორე წრეში ვის ვეთამაშებით. ამის დროც მოვა და მეტოქეებს კარგად შევისწავლით. ცხადია, იდეალური იქნებოდა, ის მატჩიც შინ გვეთამაშა, თუმცა, ვერაფერს შევცვლით. მთავარია, გუნდი კარგ ფორმაშია და ყველაზე მეტად ეს მახარებს”.

ის, რომ სტანკოვიჩი სერბეთის ჩემპიონატში სტარტით გახარებულია, გასაკვირი ნამდვილად არაა. საქმე ის გახლავთ, რომ ცრვენა ზვეზდამ სამივე სასტარტო შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 მოიგო (ნოვი პაზართან, რადნიჩკისთანა და მაჩვა შაბაჩთან) და ლიდერთა შორის იმყოფება. ბელგრადელები მომდევნო მატჩს 14 აგვისტოს ასევე 9 ქულის მქონე სპარტაკ სუბოტიცასთან ჩაატარებენ, უკვე 18-ში კი, გიბრალტარის ჩემპიონთან თამაშია დაგეგმილი.

41 წლის სტანკოვიჩმა ცრვენა ზვეზდა გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და პირველივე სეზონში, გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა. მანამდე, მას სამწვრთნელო საქმიანობაში გამოცდილება მხოლოდ იტალიურ უდინეზეში ჰქონდა, სადაც 2014-15 წლებში ასისტენტად მუშაობდა. გაცილებით წარმატებული გახლდათ დეიანი ფეხბურთელის რანგში.

სტანკოვიჩმა 1995 წელს კარიერა სწორედ ცრვენა ზვეზდაში დაიწყო, შემდეგ კი, ლაციოსა (137 მატჩი, 22 გოლი) და ინტერში (231 მატჩი, 29 გოლი) ჯამში 15 წელი გაატარა. მას სერია A 6-ჯერ აქვს მოგებული, ასევე არის ჩემპიონთა ლიგის, თასების მფლობელთა თასის, უეფას სუპერთასისა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. დეიანს სერბეთის ეროვნულ ნაკრებში 103 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები