Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | ინფიცირებულთა ვინაობა გაირკვა, ატლეტიკო მაინც ითამაშებს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუხედავად კორონავირუსისა, ატლეტიკოსა და ლაიპციგის მატჩი გაიმართება
  • ამასობაში გაირკვა, მადრიდელთა რომელ ფეხბურთელებს აქვთ კოვიდ-19
  • ერთი ინფიცირებული მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ხუთშაბათს ლაიპციგი და მადრიდის ატლეტიკო უნდა დაუპირისპირდნენ, გაიმართება. ამ შეხვედრის ჩატარება მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ატლეტიკოს ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. დამატებითმა ტესტებმა სხვა შემთხვევები არ გამოავლინა, რის გამოც მატჩის ჩატარება გადაწყდა - ამის შესახებ ინფორმაცია ატლეტიკომ ორშაბათს გაავრცელა.

კვირას ცნობილი გახდა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის ორ მოთამაშეს კოვიდ-19 აქვს. საერთო ჯამში ტესტები კლუბის 93 თანამშრომელს ჩაუტარდა.

ამასობაში გაირკვა ისიც, თუ რომელ ფეხბურთელებს დაუდგინდათ კორონავირუსი - ესენი არიან ანხელ კორეა და შიმე ვრსალკო. ‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, ინფიცირებულმა ფეხბურთელებმა კლუბს მათი ვინაობის გამხელის ნება დართეს. ტესტის დადებითი შედეგების შემდეგ კორეა და ვრსალკო იზოლირებულები არიან. განმეორებითი ტესტების შედეგებიც იდენტური იყო - კოვიდ-19 ატლეტიკოში სხვას აღარავის დაუდგინდა.

კორეა მარჯვენა ნახევარმცველი და სიმეონეს გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ესპანეთის ჩემპიონატის 33 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა. ვრსალკო მარჯვენა მცველია, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები