Thumbnail

‘სერიოზული მოწინააღმდეგე შეგვხვდა’ - ასლან ბალაძე დინამო ბათუმის მეტოქეზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე ისრაელის თასის მფლობელი ჰაპოელ ბეერ-შევა იქნება, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად, ისრაელში დაუპირისპირდება. პოპსპორტთან საუბრისას მეტოქე დინამო ბათუმის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ შეაფასა.

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)
“წილისყრამ საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგე გვარგუნა. ყველამ ვიცით, რომ ჰაპოელი ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ცნობილია, რომ ისრაელის ნაკრებიც და კლუბებიც სწრაფ, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეებიც ჰყავთ. მეტოქის დეტალური შესწავლის პროცესი წინ გვაქვს. ჰაპოელის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მოვიპოვებთ და მათ თამაშს გავაანალიზებთ.

რა თქმა უნდა, ჰაპოელს უპირატესობა აქვს, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშებს. თანაც, შეცვლილი ფორმატი მხოლოდ ერთმატჩიან დაპირისპირებას გულისხმობს. ჩვენთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არც ის პერიოდია, როდესაც თამაშის ჩატარება გვიწევს, მაგრამ დინამო ბათუმს ევროტურნირებზე ტრადიციულად რთულ მეტოქეებთან უწევდა თამაში და თავი არასდროს შეურცხვენია. იმედია ახლაც ასე იქნება.”

ჰაპოელ ბეერ-შევა ისრაელის უკანასკნელ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და მესამე ადგილზე გასულ იერუსალიმის ბეითარს 4 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ, გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა. გასულ სეზონში ბათუმის დინამოს მეტოქის საუკეთესო ბომბარდირი 31 წლის ბენ საჰარი გახლდათ. თავის დროზე ჩელსის, ესპანიოლის, ოსერის და ბერლინის ჰერტას ფორვარდმა, რომელიც დღემდე ისრაელის ნაკრების წევრია, 2019-20 წლების სეზონში 13 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მან კლუბი დატოვა და განათხოვრების წესით კვიპროსულ აპოელში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები