Thumbnail

რა გუნდია დინამო ბათუმის მეტოქე - ევროპაში გამოცდილი, რომელმაც ინტერს მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე ისრაელის საფეხბურთო კლუბი, ჰაპოელ ბეერ-შევა იქნება. თამაში 27 აგვისტოს, ისრაელში გაიმართება და იქვე გაირკვევა მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი.

ბეერ-შევას ჰაპოელი საკმაოდ ძლიერი და წარმატებული კლუბია, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატში 44 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ თელ ავივის მაქაბის 20 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ისრაელის თასზე ითამაშა წარმატებით და ტიტულს დაეუფლა.

ჰაპოელი ისრაელის 5-გზის ჩემპიონია, სამი ტიტული ბოლო 5 სეზონში მოიგო

ისტორია და ტიტულები

ბეერ-შევაში საფეხბურთო კლუბი ჰაპოელი 71 წლის წინ, 1949 წლის 1 მაისს დაარსდა და პირველ წარმატებამდე 16 წელი მოუწია ლოდინი. 1964-1965 წლების სეზონში ისრაელის უმაღლეს დივიზიონში პირველად აღზევდა. ჰაპოელი ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია, პირველად ამ წარმატებას 1975 წელს მიაღწია და მომდევნო სეზონში მეორედ გაჩემპიონდა. ბეერ-შეველთა ოქროს ხანა მაინც ახლო წარსულს უკავშირდება. 2016-2018 წლებში ზედიზედ სამჯერ მოახერხა ისრაელის ჩემპიონატის მოგება! ქვეყნის თასს ორჯერ დაეუფლა, ხოლო სუპერთასს სამჯერ, მათ შორის, 2016 და 2017 წლებში ზედიზედ.

მიმდინარე სეზონი და შემადგენლობა

იოსეფ აბუკასისის გუნდმა მიმდინარე სეზონი უკვე დაიწყო და ისრაელის სუპერთასისთვის იბრძვის, რომელიც ორრაუნდიანია. თუმცა, წარმატების შანსი მცირეა, რადგან შინ პირველი თამაში ჩემპიონ თელ ავივის მაქაბისთან 0:2 წააგო და სტუმრად 13 აგვისტოს გაეჯიბრება.

ჰაპოელის შემადგენლობას ძირითადად ებრაელი ფეხბურთელები წარმოადგენენ და გუნდს მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავს, ორივე პორტუგალიიდან. პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოსუე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ოთხჯერ უთამაშია, ხოლო სხვადასხვა დროს პორტუს, ბურსასპორის, გალათასარაის, ბრაგასა და ახისარის ღირსებასაც იცავდა. მისი თანამემამულე მიგელ ვიტორი კი ცენტრალური მცველია და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში 15-ჯერ აქვს ნათამაშები. მისი კარიერის საუკეთესო წლები ბერძნულ პაოკ-ს უკავშირდება, ერთი სეზონით კი, 9 წლის წინ, ლესტერ სიტიშიც თამაშობდა.

2019/20 წლების სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი (13 გოლი) ბენ საჰარი იყო, თუმცა მან უკვე დატოვა გუნდი და ნიქოზიის აპოელში ორწლიანი იჯარით გადავიდა. 7 გოლი გაიტანა სურინამელმა ნაიჯელ ჰასელბაინკმა, რომელიც ჩელსის ყოფილი თავდამსხმელის ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკის ძმისშვილია.

ჰაპოელი ევროპაში - გამარჯვებები ინტერთან

ჰაპოელს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და ისტორიაში ჩატარებული 59 მატჩიდან ევროთასებზე ოცის მოგება მოახერხა.

პირველად ებრაული გუნდი ევროტურნირებზე 1976 წელს გამოჩნდა, როდესაც იინტერტოტოს თასზე ითამაშა. თუმცა, სტაბილურად ევროთასებზე გამოსვლა 2014 წლიდან დაიწყო. ყველაზე შთამბეჭდავი კი 2016/17 წლების სეზონი გამოდგა, როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ბარიერი დაძლია, ჯერ ტირასპოლის შერიფს მოუგო (3:2, 0:0), შემდეგ პირეოსის ოლიმპიაკოსს (1:0, 0:0). ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გლაზგოს სელტიკთან დრამატულ დუელში დამარცხდა (2:0, 2:5) და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპალიგის ჯგუფში განაგრძო ასპარეზობა, სადაც კლუბის ისტორიის დაწერა მოახერხა.

ჰაპოელს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა მილანის ინტერის, პრაღის სპარტასა და საუთჰემტონის სახით, მაგრამ 8 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლა მოახეხა. სპარტასთან ორივე თამაში წააგო (0:1, 0:2), საუთჰემპტონთან ორჯერვე ფრეს დასჯერდა (0:0, 1:1), ხოლო ინტერს ორ თამაშში 6 ქულა წაართვა! იტალურ გრანდს მოკრძალებულმა ჰაპოელმა სახლში 3:2 მოუგო, ხოლო „სან სიროზე“ 2:0! 1/16 ფინალში ჰაპოელი სტამბოლის ბეშიქთაშს გაეჯიბრა და ვერაფერი მოახერხა (1:3, 1:2).

მიგელ ვიტორისა და ბუზაგლოს გოლებით ისტორიული გამარჯვება "სან სიროზე"

ჰაპოელმა მომდევნო სეზონშიც (2017/18) მოახეხა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ევროთასებზე ასპარეზობა ისევ ჩემიონთა ლიგიდან დაიწყო, სადაც უნგრული ჰონვედისა (2:1, 3:2) და ბულგარული ლუდოგორეცის (2:0, 1:3) ბარიერი გადალახა, მაგრამ პლეი-ოფი კვლავ დაუძლეველი წინაღობა აღმოჩნდა - მარცხი მარიბორთან ბრძოლაში (2:1, 0:1). ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიულ ლუგანოს მოუგო (2:1), მაგრამ ეს პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოდგა, რადგან 6 თამაშში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, პლზენთან ორჯერ დამარცხდა, სტიაუასთან ერთხელ (ერთი ფრეც) და ასპარეზობა დაასრულა.

2018/19 წლების სეზონი წინა ორთან შედარებით წარუმატებელი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური ფლორა ადვილად დაჯაბნა, თუმცა ზაგრების დინამოსთან თავადაც ადვილად დამარცხდა (2:2, 0:5), მერე კი ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის აპოელთან მარცხი განიცადა (2:2, 1:3).

გასულ სეზონში კი ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამედ მოსახვედრად. ალბანური ლაჩი (1:0, 1:1), ყაზახური კაირატი (2:0, 1:1) და შვედური ნორჩეპინგი (3:1, 1:1) დაამარცხა და პლეი-ოფში როტერდამის ფეიენოორდს შეხვდა, რომელსაც მანამდე დინამო თბილისი ჰყავდა დამარცხებული. ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდთან ჰაპოელი უშანსოდ იყო და ორივე თამაში 0:3 წააგო.

ჰაპოელმა ერთი თვის წინ ისრაელის თასი მოიგო

ახლა ბეერ-შევას ჰაპოელი დინამო ბათუმთან გაარკვევს ურთიერთობას. ბათუმელები ბოლოს ევროსარბიელზე 2017/18 წლების სეზონში თამაშობდნენ და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ იაგელონიასთან ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდნენ, მანამდე კი, 2015 წელს, კვიპროსული ომონიას ბარიერი ვერ დაძლიეს. დინამო ბათუმმა ბოლოს ევროთასებზე ეტაპის გადალახვა 1996/1997 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც თასების თასზე ფარერების ტორსჰავნი 6:0, 3:0 გაანადგურა და მეორე წრეში პსვ ეინდჰოვენთან დამარცხდა (1:1, 0:3).

კომენტარები

ბოლო ამბები