Thumbnail
  • უეფამ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა
  • დინამო ბათუმის, საბურთალოს და ლოკომოტივის მეტოქეები ცნობილია
  • დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება და 27 აგვისტოს გაიმართება 

უეფამ ნიონში მდებარე შტაბბინაში ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ტურნირში მონაწილე სამივე ქართული კლუბის მეტოქე გაირკვა.

ევროპალიგის ახალ სეზონში დინამო ბათუმი, საბურთალო და თბილისის ლოკომოტივი იასპარეზებენ და გამოსვლას პირველი ეტაპიდან დაიწყებენ. სამივე ქართული გუნდი წილისყრის წინ განუთესავი იყო.  

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც ჯამში 94 ევროპული გუნდი გამოდის (მათგან 8 წინასწარი რაუნდის გამარჯვებული), 27 აგვისტოს ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, შეცვლილია ფორმატი - დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ გაიმართება. მასპინძელთა ვინაობაც წილისყრის შედეგად დადგინდა. 

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმის მეტოქე ბეერ-შევას ჰაპოელი იქნება, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ისრაელში დაუპირისპირდება. ჰაპოელი ისრაელის თასის 2019/20 წლების გათამაშების გამარჯვებულია.

საქართველოს თასის გამარჯვებული საბურთალო სტუმრად კვიპროსში, ლიმასოლის აპოლონთან ითამაშებს.

დინამო ბათუმისა და საბურთალოსგან განსხვავებით, შინ მოუწევს თამაში თბილისის ლოკომოტივს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ კრაიოვას უნივერსიტატიას უმასპინძლებს.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს ჩატარდება, შეხვედრები კი 17 სექტემბერს გაიმართება.

მანამდე გაირკვა საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები