Thumbnail

ბეილს თამაშს 40 მილიონი ურჩევნია - უელსელი ისევ მადრიდში რჩება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გარეთ ბეილს მადრიდში წელიწადში 20 მილიონამდე უხდიან
  • ის რეალიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ახალ გუნდში იგივე ხელფასს მიიღებს
  • გასულ კვირაში მან მანჩესტერში გამგზავრებაზე უარი თქვა

გარეთ ბეილის და მადრიდის რეალის საგა გრძელდება. უკვე მეორე წელია, უელსელი რეალის გეგმებში არ შედის, მას თითქმის არ ათამაშებენ და გუნდიდან გაშვება სურთ. ამის მიუხედავად, ბეილი მადრიდიდან ჯიუტად არ მიდის და კონტრაქტის ვადის დასრულებამდე, ანუ კიდევ ორი წელი რეალში დარჩენას აპირებს.

ეს იმის გამო ხდება, რომ მას რეალში თითქმის ოცმილიონიანი ხელფასი აქვს, რომელიც სხვადასხვა ბონუსებით, შესაძლოა, 30 მილიონამდე ავიდეს. დარჩენილ საკონტრაქტო ორ წელიწადში იგი სულ მცირე 40 მილიონ ევროს მიიღებს. ასეთ ხელფასს ბეილს არცერთი გუნდი არ გადაუხდის და ისიც მადრიდიდან წასვლას არ აპირებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ბეილის აგენტმა რეალის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც მისი კლიენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს წასვლის შესაძლებლობას, თუკი ახალი კლუბი მას რეალის ხელფასს გაუმეორებს. ამის შანსი კი თითქმის არ არსებობს.

წინა კვირაში ბეილმა უარი განაცხადა გუნდთან ერთად მანჩესტერში სიტისთან სათამაშოდ გამგზავრებაზე, რადგან მას არ სჯეროდა, რომ ათამაშებდნენ და გამგზავრების აზრს ვერ ხედავდა. ამ შემთხვევამ რეალსა და ბეილს შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა.

კომენტარები

ბოლო ამბები