- ლოს ანჯელეს კლიპერსი 120:129 ბრუკლინ ნეტსი
- პოლ ჯორჯის არყოფნაში კავაი ლეონარდმა 39 ქულა ჩააგდო
- ბრუკლინიდან საუკეთესოები ლევერტი და ჰარისი იყვნენ
- პლეი ოფი ზაიონის გარეშე - პელიკანსი სახლში ბრუნდება
NBA-ს ჩემპიონობის კანდიდატმა საკმაოდ უსიამოვნო მარცხი განიცადა: ლოს ანჯელეს კლიპერსი შემადგენლობის მხრივ დასუსტებულ ბრუკლინთან 120:129 დამარცხდა. ამ მოულოდნელ ფაქტს ხელი ვერც კავაი ლეონარდის 39-მა ქულამ შეუშალა - წინა სეზონის MVP-მ მესამე მეოთხედში 11:0 გაქცევა სულაც პირადად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კლიპერსის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ამ მატჩში თავისი მეორე სუპერვარსკვლავი, პოლ ჯორჯი დაასვენა.
ბრუკლინიდან საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ - მან 27 ქულა დააგროვა და 13 პასიც ჰქონდა. ლევერტს ყველაზე მეტად ჯო ჰარისი ეხმარებოდა, რომელმაც 25 ქულის ჩაგდება მოახერხა.
მატჩის ბედი პირველსავე მეოთხედში გადაწყდა - საწყის პერიოდში ბრუკლინელებმა თითქმის ყველაფერი ჩააგდეს, 85,7-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ (18/21), რაც ამ სეზონში რეკორდია. 2019/2020 წლების სეზონში ერთ გუნდს ერთ მეოთხედში ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია. პირველი 12 წუთის შემდეგ, ბრუკლინი კლიპერსს 21 ქულით, 45:24 უგებდა.
მართალია, მომდევნო ორივე პერიოდი კლიპერსმა მოიგო, მაგრამ ბოლო მეოთხედის ბედი ბრუკლინმა ისევ სათავისოდ გადაწყვიტა. ამ გამარჯვებით ნეტსმა ფაქტობრივად გაინაღდა მე-7 ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში და ტორონტო რეპტორსს შეხვდება. კლიპერსი დასავლეთში ისევ მეორე ადგილზეა, თუმცა დენვერს მხოლოდ 1 გამარჯვებით უსწრებს.
კომენტარები