Thumbnail
  • საფეხბურთო იტალია იუვენტუსში პირლოს დანიშვნას გამოეხმაურა
  • ანტონიო კონტემ პირლოს ასაკზე გაამახვილა ყურადღება
  • ფერარა ყოფილ თანაგუნდელებთან მუშაობის სირთულეს უსვამს ხაზს

ანდრეა პირლოს იუვენტუსის მწვრთნელად დანიშვნა ბოლო დღეებში საფეხბურთო სამყაროს მთავარი მოულოდნელობაა. ამ ამბავს ლევერკუზენთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც პირლოს მწვრთნელი იუვენტუსში სამი წლის განმავლობაში იყო. მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა დღემდე აქვთ.

კონტე პირლოსთან ერთად იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა

კონტემ პირლოს დანიშვნა მიულოცა: "ანდრეას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. თუნდაც მხოლოდ იმის გამო, თუ რამდენი მომცა მან საფეხბურთო თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის განსაკუთრებული ადამიანია და მას დიდ პატივს ვცემ. როცა ვხედავ, რომ ჩემი ყოფილი მოთამაშეები მწვრთნელები ხდებიან, ეს თავს მოხუცად მაგრძნობინებს".

თავად ანდრეა პირლოს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ კონტე მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც მასზე დიდი გავლენა ჰქონდა და სწორედ მის გამო გადაწყვიტა მწვრთნელად გახდომა.

კონტეს გარდა, პირლოს დანიშვნას იტალიური საფეხბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ჩირო ფერარამ, რომელიც იუვეს მწვრთნელად ასევე გამოცდილების გარეშე დაინიშნა და შუა სეზონშივე ცუდი შედეგების გამო გუნდიდან წასვლა მოუწია, პირლო გააფრთხილა, რომ ძალიან რთულია ყოფილ თანაგუნდელებთან მუშაობა და თავად ამ პრობლემას გადააწყდა.

ჯანფრანკო ძოლამ კი იუვეს მენეჯმენტის გადაწყვეტილებას სარისკო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის გუნდში გამოცდილების გარეშე მუშაობა რთულია, თუმცა დაამატა, რომ პირლოს ხასიათის, ინტელექტის და პირადი თვისებების მქონე ფიგურა ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

კომენტარები

ბოლო ამბები