Thumbnail
  • 70-წლისთავისადმი მიძღვნილი რბოლა რედ ბულის პილოტის გამარჯვებით დასრულდა
  • საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელსაც 30-ქულიანი უპირატესობა აქვს

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში მერესედესის ჰეგემონია შეჯიბრის 70-წლისთავისადმი მიძღვნილ რბოლაზე შეწყდა, რომელსაც ბრიტანულმა სილვერსტოუმა უმასპინძლა. ვალტერ ბოტასისა და ლუის ჰემილტონის (მან ზედიზედ 3 რბოლა მოიგო) დომინაციის შემდეგ, პირველ ადგილზე გასვლა რედ ბულის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მოახერხა.

22 წლის ჰოლანდიელი სტარტზე მხოლოდ მე-4 გახლდათ, თუმცა, ჩინებულა რბოლა ჩაატარა და ფავორიტად შერაცხულ მერსედესელებს აჯობა. რედ ბულის პილოტის ტრიუმფი გუნდის მიერ სწორად შერჩეული საბურავების გამოძახილი გახლდათ, ჰემილტონი და ბოტასი კი, ამ მხრივ პრობლემებს ისევ წააწყდნენ და უდავოა, რომ გერმანულ გუნდში სერიოზული დასკვნების გამოტანა მოუწევთ.

“ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რბოლის პირველი მონაკვეთი. ტრასაზე დიდხანს დავრჩი და კარგ ტემპს ვინარჩუნებდი. საბურავებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იყო. როგორც სჩანს, მანქანა რბილი საბურავებით გაცილებით კარგად მოძრაობს, თუმცა, ცხადია რომ ასეთი რბოლა ბევრი არ იქნება. რეალისტები უნდა ვიყოთ და ვერ ვიტყვი, რომ მერსედესს გავუთანაბრდით, თუმცა, ამ გამარჯვებით დატკბობის უფლება ნამდვილაd გვაქვს. მათ გამოწვევა გავუგზავნეთ და იმედია, ეს სამომავლოდაც გაგრძელდება” – აღნიშნა ტრიუმფატორმა.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული 2 რბოლის შემდეგ, ფორმულა 1 ესპანეთში გადაინაცვლებს. 16 აგვისტოს დაგეგმილ რბოლას კატალონიური მონტმელო უმასპინძლებს, სადაც შარშან ჩემპიონობა ლუის ჰემილტონმა იზეიმა. იქ ფავორიტი წლეულსაც ბრიტანელი იქნება, რომელიც საერთო ჩათვლაში კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს. მას 107 ქულა აქვს და ფერსტაპენს 30 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, დღეს ლუისი კვარცხლბეკზე 155-ედ ავიდა და ამით ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა.

საერთო ჩათვლა - ტოპ 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 107 ქულა

2. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 77

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 73

4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 45

5. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 38

6. ალექსანდერ ალბონი (რედ ბული) - 36

7. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 28

8. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 22

9. დანიელ რიკარდო (რენო) - 20

10. ესტებან ოკონი (რენო) - 16

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

1. მერსედესი - 180

2. რედ ბული - 113

3. ფერარი - 55

4. მაკლარენი - 53

5. რეისინგ პოინტი - 41

კომენტარები

ბოლო ამბები