Thumbnail

'ერთხელ მოვუგეთ და კიდევ შეგვიძლია' - ტირანას მწვრთნელს დინამო კარგად ახსოვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ალბანეთის ჩემპიონის ტირანას მთავარმა მწვრთნელმა ნდებუისი ემანუელ ეგბომ დინამო თბილისთან ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნიგერიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქეს უპირატესობა აქვს, რადგან საქართველოში სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ კარგი წინათგრძნობა აქვს და სჯერა, რომ მისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, ისე, როგორც ეს 17 წლის წინ გააკეთა.

ტირანა დინამოსთან მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი

"გუნდები, რომლებიც ამ სეზონში ჩემპიონები გახდნენ, ძლიერები არიან. სტუმრად ვითამაშებთ და არა - ტირანაში, ამიტომ სირთულე კიდევ უფრო იზრდება. დინამოს წინააღმდეგ ვითამაშეთ, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ პატივსაცემი მეტოქე იყო. მათ უპირატესობა აქვთ, რადგან იქ სეზონი მიმდინარეობს. ეს მათთვის დამატებითი იარაღია, პირველ ადგილზე არიან და ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობენ, თუმცა, განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს. ერთხელ უკვე მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია. სასურველი ფეხბურთელების დასამატებლად სატრანსფერო ბაზარზე ვართ გასული. გვინდა ის მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებიც გვჭირდება და მიზანს მივაღწიოთ", - თქვა ეგბომ.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ტირანას 18 ან 19 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს. ეს გუნდები 2003/04 წლების სეზონშიც შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ თბილისში დინამომ 3:0 მოიგო (ლევან მელქაძის, გიორგი ანჩაბაძის და ვიტალი დარასელიას გოლები), მაგრამ ტირანაში იგივე ანგარიშით მარცხი განიცადა (სუად ლიჩი, ინდრიტ ფორტუზი და მაჰირ ჰალილი გოლების ავტორები) და პენალტების სერიაში (2:4) ასპარეზობას გამოეთიშა.

ნდუბუისი ემანუელ ეგბო იმ დროს ტირანელთა კარს იცავდა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დინამოელთაგან პენალტები ირაკლი სამხარაძემ და ოთარ ხიზანეიშვილმა გაიტანეს, ხოლო ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ლადო ახალაიამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. საგულისხმოა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც "დინამომ" ევროთასებზე დამოუკიდებლობის პერიოდში პენალტების სერიაში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები