Thumbnail

TOP 5 ყველაზე რთული თამაში - ეს სია მხოლოდ გამოცდილი გეიმერებისთვისაა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ეს თამაშები გამოუცდელი გეიმერებისთვის არ არის
  • აქედან რომელიმე მაინც თუ დახურეთ, შეგიძლიათ ამით იამაყოთ

ზოგი ადამიანისთვის ვიდეოთამაშები გართობისა და განტვირთვის საშუალებაა. თუ დამწყები გეიმერი ხართ, ან საერთოდ არასოდეს მოგიკიდიათ ხელი ვიდეოთამაშებისთვის, გირჩევთ, ჩვენს დღევანდელ სიაში ჩამოთვლილ თამაშებს არ შეერკინოთ. 

📋 წაიკითხე

დღეს შემოგთავაზებთ 5 თამაშს, რომლებიც მხოლოდ ყველაზე თავდადებული და გამოცდილი გეიმერებისთვისაა. აქედან რომელიმე მაინც თუ დახურეთ, შეგიძლიათ ამით იამაყოთ.

5. Devil May Cry 3: Dante's Awakening 

Devil May Cry სლეშერის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი თამაშია. ფრენჩაიზში ჯერჯერობით 5 თამაში და ერთი რიმეიქია, თუმცა, ფანების აზრით, Devil May Cry 3 მათ შორის საუკეთესოა. DMC-ის ისტორია, მთავარი გმირის, დანტესა და მისი ტყუპისცალი ძმის, ვერჯილის ისტორიაა. თამაშის რთული მექანიკის, იარაღების მრავალფეროვნებისა და რთულად შესასრულებელი ე.წ. კომბოების წყალობით, სახალისოცაა და შეუბრალებელიც.

კომბოების სწავლა და სწრაფ ბრძოლებში გამოყენება, DMC 3-ის მთავარი ხიბლია. მას შემდეგაც კი, რაც დანტეს უნარების გამოყენებას ისწავლით, ზედმეტი თავდაჯერება, შესაძლოა, ბრძოლის წაგებად დაგიჯდეთ. თამაში, ბრძოლის დროს, თქვენს უნარებს აფასებს და შესაბამის ქულებს განიჭებთ, თან, სულ მცირე შეცდომასაც არ გპატიობთ. ამას ისიც ემატება, რომ თამაშის ბოსები, განსაკუთრებით კი ვერჯილი, მთავარ გმირს არაფრით ჩამოუვარდება და სიუჟეტის განვითარების პარალელურად, თქვენთან ერთად ძლიერდება. რაც, საბოლოო გამარჯვებას ტკბილ-მწარე გემოს აძლევს: ვერჯილი ის მოწინააღმდეგეა, რომლისაც კარგად გესმით და თქვენში სიმპათიის გრძნობასაც იწვევს.

4. Wolfenstein II: The New Colossus

თუ პარანოიის გრძნობა არასოდეს გამოგიცდიათ, ამაზე Wolfenstein II: The New Colossus იზრუნებს. მიუხედავად იმისა, თუ სად იმალებით, როგორღაც, Wolfenstein II-ში, თქვენმა მტრებმა ზუსტად იციან, თუ როგორ გიპოვონ. ამას ისიც ემატება, რომ, ხშირად, ვერაფრით ხვდებით, რომელი მხრიდან გესვრიან მოწინააღმდეგეები და, მთელი თამაშის განმავლობაში, შიშისა და დაბნეულობის განცდა თქვენი მუდმივი კომპანიონი იქნება. 

Colossus-ს რამდენიმე სირთულე აქვს, თუმცა მათგან ყველაზე მარტივიც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. სირთულის დონის ზრდასთან ერთად, თქვენი სიცოცხლისუნარიანობა და იარაღების მიერ მტრისთვის მიყენებული ზიანი მცირდება. თუ კი გამოცდილი და თავდადებული გეიმერი ხართ და Wolfenstein II: The New Colossus-ის თამაშს Mein leben სირთულეზე გადაწყვეტთ, წარმატებას გისურვებთ: თქვენ წინ გეიმერულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გელით: სტატისტიკის მიხედვით, თამაშის ამ დონეზე დახურვა, მოთამაშეთა მხოლოდ 0.1 %-მა მოახერხა. თუ თქვენ მათ რიცხვს შეუერთდებით, ნამდვილად გექნებათ სატრაბახოდ საქმე.

3. XCOM 2

XCOM 2-ში, ისევე როგორც მის წინა თამაშში, XCOM: Enemy Unknown, მოთამაშე ჯარისკაცების ჯგუფს აკონტროლებს, რომელმაც საშიში უცხოპლანეტელების რასა უნდა გაანადგუროს. ამ თამაშის მთავარი სირთულე, მტრების მოქმედებებში ჩადებული საოცარი ლოგიკაა, რომელიც თამაშში ჩადებული ხელოვნური ინტელექტის პროგრამის დამსახურებაა. შესაბამისად, XCOM-ის მტრების დამარცხება თითქმის ისეთივე რთულია, როგორიც ონლაინ თამაშში, რეალური მოწინააღმდეგისა. კიდევ ერთი ფაქტი, რაც თამაშს ართულებს, ისაა, რომ თითოეული ჯარისკაცი, რომელსაც ბრძოლაში კარგავ, სამუდამოდ ქრება: ისინი სხვა მისიებში მოთამაშის დასახმარებლად აღარ ბრუნდებიან.

თუ პერფექციონისტი ხართ და თამაშების დახურვა კომპანიონი პერსონაჟების დაკარგვის გარეშე გიყვართ, თქვენთვის XCOM 2 მწარე გამოცდილება იქნება. ხშირად შეეცდებით, ესა თუ ის ბრძოლა თავიდან გაიაროთ, რაღა იდეალური შედეგი მიიღოთ და საყვარელი პერსონაჟები სიკვდილს გადაარჩინოთ. თამაშის ერთ-ერთი უფროსი დიზაინერის, ჯეიკ სოლომონის მიხედვით, XCOM 2-ის ტესტვის დროს, ზოგიერთ მოთამაშეს, მისიები საკმაოდ იოლი მოეჩვენა, შესაბამისად, ავტორებმა თამაშს უფრო რთული დონეები დაუმატეს. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ XCOM 2-ის დამარცხება, ყველაზე დაბალ, Rookie დონეზე საკმაოდ იოლია, თუ თამაშის პოტენციალის სრული გამოცდა გინდათ, Veteran დონე აირჩიეთ და მიხვდებით, რატომ მოხვდა XCOM 2 ყველაზე რთული თამაშების სიაში.

2. Nioh

Nioh ე.წ. Soulsborne-ის სტილის თამაშია: მისი რთული ბრძოლები და ძლიერი ბოსები, ნებისმიერი გეიმერისთვის კარგი გამოწვევაა. თუმცა Nioh-ის კომბატ სისტემა განსხვავებულია: Dark Souls-თან შედარებით, უფრო შემტევ სტრატეგიაზეა ორიენტირებული. მოთამაშეს შეუძლია, კომბატის რამდენიმე სტილიდან აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი, ან, ბრძოლის დროს შეცვალოს სტრატეგიები, თუმცა, ყველა სტილს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს: High Stance სისტემა, ყველაზე მეტ ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეებს, თუმცა პერსონაჟის სისწრაფეზე ცუდად მოქმედებს. Mid Stance ყველაზე დაბალანსებული სტილია,  Low Stance კი სისწრაფეს ანიჭებს უპირატესობას. 

მოწინააღმდეგის უნარებზე დაკვირვება და მასთან საბრძოლველად სწორი საბრძოლო სტილის შერჩევამ, ან სტრატეგიების საჭირო დროს შეცვლამ, შესაძლოა, ბრძოლის ბედი რამდენიმე წამში გადაწყვიტოს. Nioh-ის მთელი ხიბლი, მის ბოსებსთან ბრძოლებია: ბოსების დამარცხება ყველაზე გამოცდილი მოთამაშეებისთვისაც კი რთულია: ხშირად, მოწინააღმდეგე შეტევას ბლოკავს და ბრძოლა დიდხანს გრძელდება. სხვადასხვა საბრძოლო სისტემების კარგად შესწავლა და სხვადასხვა ტიპის აბჯრისა და იარაღის დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნის გარეშე, Nioh-ის დახურვას ნამდვილად ვერ მოახერხებთ. ამ ყველაფრის შესწავლა კი, დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, Nioh ჩვენს სიაში ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს.

1. Dark Souls

ალბათ, ამ თამაშის ჩვენი სიის სათავეში ხილვა არ გაგაკვირვებთ. გასული ათწლეულის განმავლობაში, არც ერთ თამაშს არ გაუწვალებია თავდადებული გეიმერები ისე, როგორც Dark Souls-ს. დეველოპერული სტუდია FromSoftware, ცნობილია ყველაზე რთულად დასამარცხებელი ბოსებით. Demon’s Souls-დან დაწყებული, Bloodborne-ითა და 2019 წლის საუკეთესო თამაშად აღიარებული Sekiro: Shadows Die Twice-ით დასრულებული, FromSoftware-ის ყველა თამაში, წლებია, ერთდროულად აბრაზებს და მოტივაციას აძლევს გეიმერებს. ასწავლის, რომ თითოეული დამარცხების შემდეგ, წამოდგეს და ბრძოლა თავიდან სცადოს. ამ თამაშებში, ყველა შეცდომა და დაუდევრობა საბედისწეროა. FromSoftware-ის თამაშების საუკეთესო მხარე მისი კარგი კომბატ მექანიკაა, რომელიც საკმაოდ რთული სასწავლია. ყველა მტერს უნიკალური სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს, რაც აიძულებს გეიმერს, საკუთარი უნარები გააუმჯობესოს, სტრატეგიული უნარი განავითაროს და ბრძოლა განაგრძოს. ასეთი თამაშის დამარცხება კი, სწორედ ის ჯილდოა, რომელიც სიხარულისა და სიამაყის საოცარ განცდას იწვევს. გეიმერს, რომელიც Dark Souls-ს დახურავს, ეს არასოდეს დაავიწყდება.

კომენტარები

ბოლო ამბები