Thumbnail
  • 'მან ყველა კალათბურთელის განლაგება იცის არა მხოლოდ შეტევაში, არამედ – დაცვაშიც'
  • 21 წლის სლოვენიელმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა

დალას მავერიკსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ლუკა დონჩიჩის მორიგი ფენომენალური მატჩი შეაფასა და ის NBA-ს ლეგენდარულ კალათბურთელებს ლარი ბერდსა და ჯეისონ კიდს შეადარა. აი, რა თქვა კარლაილმა მილუოკი ბაკსთან ოვერტაიმში მოგებული (136:132) თამაშის შემდეგ, რომელშიც სლოვენიელმა ვარსკვლავმა 36 ქულა, 19 პასი და 14 მოხსნა მიითვალა.

“მან ყველა კალათბურთელის განლაგება იცის არა მხოლოდ შეტევაში, არამედ – დაცვაშიც. ეს გენიალური მოთამაშის ნიშანია. მე ლარი ბერდთან ერთად მითამაშია, რომელმაც ასევე ყველაფერი იცოდა იმის შესახებ, მოედანზე რა ხდებოდა. მოგვიანებით ჯეისონ კიდის მწვრთნელობის პატივიც მერგო. ლუკა ასეთივე ტიპის კალათბურთელია”.

ცნობისთვის, დონჩიჩმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა და ამ მხრივ პირველ ადგილზე იმყოფება. ამასთან, 21 წლის ევროპელი გამთამაშებელი ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, ვინც ამგვარი რამ მოახერხა. ლუკამ ლეგენდარული მეჯიკ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წელს იქნა დამყარებული.

დონჩიჩი დალასელთა ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ამჟამად კი, ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მონაგარი 29.1 ქულა, 9.5 მოხსნა და 8.9 პასია. მავერიკსი 42 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს. დალასელები მომდევნო მატჩს 10 აგვისტოს იუტა ჯაზთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები