Thumbnail

ინდიანა პეისერსის ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ქომაგთა კეთილგანწყობის დაბრუნება მალევე მოახერხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოგამ NBA-ში პირველი შეხვედრა ფინიქს სანსთან ჩაატარა და არაერთი პოზიციური შეცდომა ჰქონდა, რის გამოც სპეციალისტთა და გულშემატკივართა კრიტიკა არ დაჰკლებია.

გოგა ბითაძე ლეიკერსის ვარსკვლავურ "მაღლებს" არ შეუშინდა

საპირისპირო ვითარება შეიქმნა დღევანდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც ინდიანამ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ ლოს ანჯელეს ლეიკერსს 116:111 სძლია, 21 წლის ქართველმა ცენტრმა კი 12 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საინტერესოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა ერთ მომენტში თვით ლებრონ ჯეიმსს დააფარა და სხვა ეპიზოდებშიც ყოჩაღად გამოიყურებოდა.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ბითაძეს დაპირისპირება კალიფორნიელთა ვარსკვლავურ წინა ხაზთან უწევდა. ლებრონის ფაქტორი რომ გვერდზე გადავდოთ, ლეიკერსს ცენტრის პოზიციაზე დუაიტ ჰოვარდი და ჯავალ მაკგი ჰყავდა, მძიმე ფორვარდებად კი ენტონი დევისი და კაილ კუზმა ირჯებოდნენ.

გოგამ სწორედ მათთან ჭიდილში ჩააგდო 2 ორქულიანი, მე-3 მეოთხედის შუაწელს კი, პეისერსი მისი სამქულიანით დაწინაურდა და საბოლოო ჯამში, თამაშის მოგებამდე მიყვანაც მოახერხა. ქართველმა ცენტრმა 12-ვე წუთი მაშინ დაჰყო მოედანზე, როდესაც დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული და შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად, მთავარ მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს ნდობა სრულად გაუმართლა.

მატჩის შემდეგ, ტელეკომპანია FOX-მა ბითაძეს პირდაპირ ეთერში კომენტარი ჩამოართვა:

“ეს არა მოულოდნელი, არამედ დამსახურებული და დიდი გამარჯვება იყო. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ასეთი მოგებებები ძალიან გვჭირდება, რათა პლეი ოფში უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, განსაკუთრებით დომანტას საბონისი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა, ამიტომაც მეტი მონდომება და ერთად დგომა გვმართებს. ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ მთელი გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული, როგორც სათადარიგოთა სკამზე, ისე – მოედანზე. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ტრავმის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ვარ. ამ ეტაპზე ჩემი სხეული მწყობრშია და როცა კი გუნდს დავჭირდები, შემიძლია სრული დატვირთვით ვითამაშო”.

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მატჩის მერე ბითაძის თამაში აღმატებით ხარისხში შეაფასა Fox Sports Indiana-ს ჟურნალისტმა ჯერემია ჯონსონმა. აი, რა დაწერა მან ტვიტერის გვერდზე:

“გოგა ბითაძემ ენტონი დევისის წინააღმდეგ სუპერვარსკვლავივით ითამაშა”.

ქართველი კალათბურთელის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებიათ ინდიანას ქომაგებსაც:

“გოგა დიდ კალათბურთს ითამაშებს”.

“ბედნიერი ვარ, რომ მან ის პოტენციალი გამოავლინა, რაც აქვს. ბითაძე სკამიდან გუნდს ძალიან დაეხმარა”.

“გოგა ბითაძე ლეიკერსთან შაკივით იყო”.

“ბითაძე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება”.

ამ დროისთვის, ქართველ კალათბურთელს NBA-ში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაგარი 3.2 ქულა და 1.9 მოხსნაა, პეისერსს კი 43 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი უკავია. ბითაძის გუნდს საპლეიოფო ბატალიების დაწყებამდე, 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 11 აგვისტოს დილასა და 15-ში მაიამისთან, ხოლო 13-ში – ჰიუსტონთან.

კომენტარები

ბოლო ამბები