Thumbnail
  • ქართველი ცენტრი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სამ თანაგუნდელს ჩამორჩა
  • მან ყველა ქულა მე-2 ტაიმში მიითვალა, როდესაც თამაშის ბედი წყდებოდა

ინდიანა პეისერსის 21 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს სეზონის რესტარტის შემდეგ მე-2 მატჩი ჩაატარა და თუკი ფინიქს სანსთან მის თამაშს კარგი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან მოგებულ შეხვედრაში გაცილებით სარგებლიანი გახლდათ.

პეისერსმა დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერს 116:111 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. მან თავი განსაკუთრებით მე-2 ტაიმში გამოიჩინა, როდესაც თამაშის ბედი წყდებოდა, ერთ ეპიზოდში კი კალიფორნიელთა უმთავრეს ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს (მან 31 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა) დააფარა.

გოგა ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

საბოლოო ჯამში, გოგამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და ინდიანელებს 7 ქულა (ყველა მე-2 ნახევარში), 2 მოხსნა (1 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ლეგიონერმა 2-ვე ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ ასევე 7 ქულა ჰქონდა პეისერსის ძირითად ცენტრ მაილს ტერნერს, რომელმაც მოედანზე 24 წუთი გაატარა და საერთოდაც, შედეგიანობის მხრივ, გოგა მხოლოდ სამ თანაგუნდელს ჩამორჩა, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. ჩვენებურზე მეტი მონაგარი ტი ჯეი უორენს (39 ქულა), მალკოლმ ბროგდონსა (24) და ვიკტორ ოლადიპოს (22) ჰქონდათ.

პეისერსს სეზონის რესტარტის შემდეგ გამართულ ხუთ მატჩში მე-4 გამარჯვება მოუგროვდა, სულ კი, 43 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი უკავია. ქართველი კალათბურთელის გუნდს საპლეიოფო ბატალიების დაწყებამდე, 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 11 აგვისტოს დილასა და 15-ში მაიამისთან, ხოლო 13-ში – ჰიუსტონთან.

კომენტარები

ბოლო ამბები