Thumbnail

გოგა ბითაძემ NBA-ს ოფიციალურ საიტთან საკუთარ ტრავმაზე ილაპარაკა. თურმე, ქართველ ახალბედას მუხლი მთელი სეზონია აწუხებს. The Athletic-ის სკოტ აგნესმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ინდიანა პეისერსი სეზონის დასრულების შემდეგ გოგასთვის მუხლის ოპერაციის გაკეთებასაც აპირებდა. საბედნიეროდ, MRI ტესტირებამ აჩვენა, რომ ბითაძის მუხლი საოპერაციო არ არის. ამის შემდეგ ქართველ ცენტრს თამაშის უფლებაც დართეს და მან ფინიქსთან 11 წუთი ითამაშა...

გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი): "მუხლი თითქმის მთელი სეზონი მაწუხებდა, მაგრამ ლოკდაუნის შემდეგ, როგორც კი გუნდთან ერთად ვარჯიში განვაახლე, ტკივილი უფრო სერიოზული გახდა. წესიერად ვერ დავრბოდი და ვერც ვვარჯიშობდი. ვცდილობდი, კუნთები მაინც არ მოდუნებულიყო და ელემენტარულ ვარჯიშებს ვასრულებდი. ასე რომ, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო თამაშისთვის მზადყოფნა. მაგრამ პროფესიონალი ვარ და უნდა შევძლო. იმედი მაქვს, რომ მუხლი აღარ შემაწუხებს. 

თამაში რომ შევძელი, ძალიან მიხარია. ძალიან ძნელია, როცა უყურებ, როგორ თამაშობენ შენი გუნდელები და შენ კი არ შეგიძლია. თანაც, როცა დომანტას საბონისი არ არის და გუნდს სჭირდები. ძნელი იყო შორიდან ამის ყურება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ დავბრუნდი. 
საერთოდ, ამაზე უკეთ თამაში, რა თქმა უნდა, შემიძლია. თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესებ და უკეთეს ფორმაშიც შევალ".

📺  გოგა ბითაძის სამქულიანი ფინიქსთან

გოგამ იმაზეც ისაუბრა, რომ ორლანდოში ყოფნისას, გუნდს ქართული ფილმი "მანდარინები" აჩვენა, რომელიც აფხაზეთის ომს შეეხება. გოგამ ფილმის დასრულების შემდეგ თანაგუნდელების კითხვებსაც უპასუხა და ძალიან გახარებული იყო, რომ ინდიანას კალათბურთელები მისი სამშობლოს ამბებით ასე დაინტერესდნენ. 

USA TODAY წერს, რომ ბითაძემ დაამტკიცა - როცა ჯანმრთელადაა, გუნდის დახმარება შეუძლია. 50 მატჩში ის საშუალოდ 3.1 ქულას და 1.9 მოხსნას აკეთებს. მისი პლუსები სამქულიანები და ფარის დაცვაა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ინდიანა პეისერსი 9 აგვისტოს (02:00-ზე თბილისის დროით) ლოს ანჯელეს ლეიკერსს ეთამაშება. ინდიანამ ორლანდოში 4-დან 3 თამაში მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები