Thumbnail
  • ფახთაქორის ქართველ თავკაცს ჯერ უზბეკეთის ნაკრებში მიწვევაზე არ უთქვამს პასუხი.
  • კრასნოდარი, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, მთავარი მწვრთნელის გარეშეა. 

ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდის კრასნოდარის თავკაცის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატია. ამის შესახებ riafan.ru საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ახლახან 45 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკეთის ნაკრებში მწვრთნელთა საბჭოში მიიწვიეს, ორიოდე დღის წინ მისმა ძმამ, რევაზ არველაძემ კი POPSPORT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შოთას უზბეკეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაც შესთავაზეს.

რუსულმა კლუბმა, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი იგორ შამილოვი დღეს, 2 აპრილს, დაითხოვა. კლუბში აცხადებენ, რომ მის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.

კრასნოდარის გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში, ერთ-ერთ აუტსაიდერთან, მახაჭყალის ანჟისთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა. 24 ტურის შემდეგ გუნდი 41 ქულით მეხუთე ადგილზეა.

riafan.ru-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, შოთას გარდა, კრასნოდარის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე კანდიდატებად მიოდრაგ ბოჟოვიჩი და ოლეგ კონონოვიც განიხილებიან. იმავე წყაროს ცნობით, კლუბს ლეონიდ სლუცკის მიწვევაც სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ წინასწარი კონტრაქტი არნემის ვიტესთან გააფორმა. 

45 წლის ქართველმა სპეციალისტმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უზბეკური გუნდი შარშან ივნისში ჩაიბარა. მის შტაბში ასევე მუშაობენ არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.

პახთაქორმა წინა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ამჟამად კი 4 მატჩში 3 მოგებითა და 1 მარცხით, სატურნირო ცხრილში მეორეა.

შოთას მთავარ მწვრთნელად მანამდე ქაისერისფორში (2010/12 წლები), ქასიმფაშაში (2012/15),  ტრაბზონსფორსა (2015) და თელ-ავივის მაქაბიში (2016/17) უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები