Thumbnail

'რეალის მწვრთნელი ვარ - მორჩა!' - ზიდანი სეზონით მაინც ამაყობს

პირველად მოხდა, რომ ზინედინ ზიდანი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს გამოეთიშა. 7 აგვისტოს, მანჩესტერ სიტიმ ტურნირის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ინგლისური გუნდი, რომელმაც მადრიდში გამართული პირველი შეხვედრაც ამ ანგარიშით მოიგო, შემდეგ ეტაპზე გავიდა, ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა რეალმა კი ლიგაში ასპარეზობა დაასრულა.

მანამდე რეალმა ზიდანის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა - 2016, 2017 და 2018 წლებში. რეალი ტურნირს შარშანაც ⅛-ფინალში გამოეთიშა, თუმცა მაშინ გუნდს სანტიაგო სოლარი წვრთნიდა.

"ეტიჰადზე" სიტისთან წაგებული საპასუხო შეხვედრის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განვლილ სეზონსა და "სამეფო კლუბში" თავის მომავალზეც ისაუბრა:

"აქ ვარ და რეალს წვრთნი, სანამ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდება. რა თქმა უნდა, ვრჩები. რაიმეს გამოგონება არ არის საჭირო. მე რეალის მწვრთნელი ვარ - მორჩა და გათავდა. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს. ახლა ყველანი დავისვენებთ და შემდეგ დავბრუნდებით, რათა ბრწყინვალე სეზონი ჩავატაროთ.

📺 მანჩესტერ სიტი V რეალი

გასული სეზონით უნდა ვიამაყოთ. რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ვმარცხდებით, ბედნიერები ვერ ვიქნებით და ფეხბურთელებიც უკმაყოფილონი არიან, მაგრამ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ. 

დღეს მთავარი იყო, მოედანზე ყველაფერი დაგვედო და ეს ის არის, რაც გავაკეთეთ. უბრალოდ, რაღაც დაგვაკლდა და ჯერჯერობით არ ვიცი, რა იყო ეს" - ამბობს ზიდანი, რომელმაც მადრიდის რეალს 2019/20 წლების სეზონში ლა ლიგაში გაამარჯვებინა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები